ენერგეტიკა
27/04/2021

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში უკვე ჩაერთო.
 
"ენგურჰესის" ცნობით, სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.
 
"ვულოცავთ თითოეულ ენგურჰესელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და საქართველოს ენერგეტიკის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!" - ნათქვამია "ენგურჰესის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
 
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
 
ენგურჰესის რეაბილიტაცია EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულებიდან, რომელიც 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი.

მთავარი სიახლეები