ენერგეტიკა
11/03/2022

აბრამიშვილი: ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს, რომ რუსეთზე არ იყო დამოკიდებული

რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით დასავლეთში მოლაპარაკებები გრძელდება.

შეჯერებული პოზიციები ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ აგრესორი ქვეყანა სტაბილური და სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება. 

"დღევანდელი ევროპა დაახლოებით 40%-ით განახლებად ენერგიებზეა დამოკიდებული, 40%-მდე წიაღისეულზე, ხოლო დარჩენილი 23-24% ატომურ ენერგიაზე ნაწარმოები ელექტროენერგიაა. ეს საკმაოდ გრძელ ვადაში გაწელილი პროცესი იქნება. რესურსების სწორად და ადეკვატურად ათვისება მარტივი არ არის. საჭიროა მსხვილი ინვესტიციებიც. ძალიან კარგია, რომ ევროპა გამოფხიზლდა და მიხვდა, რამხელა საშიშროებაა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება. იმედია, ჩვენთანაც აღარ დარჩა არავინ, ვინც ვერ იაზრებს, თუ რამხელა საშიშია რუსეთის ენერგეტიკის წყაროებზე დამოკიდებულება. გერმანიის მაგალითიც გვაქვს, რომელიც ვერ წყვეტს მარტივად რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა. 

მისივე განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებს ჰიდროენერგეტიკული რესურსები თითქმის სრულად აქვთ ათვისებული, ამიტომ ყურადღება მზისა და ქარის ენერგიაზე უნდა გამახვილდეს. აქვე, აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშველოვანი შესაძლებლობების წყაროა მწვანე წყალბადის ენერგიაც.

"ჰიდროენერგეტიკის განვითარება რამდენიმე თვალსაზრისით უალტერნატივოა. ყველაზე მომხიბვლელი წყაროა ფასის კუთხით. სტაბილურობა და პროგნოზირებაც მისი პრიორიტეტია. მზე და ქარი საკმაოდ ცვალებადი ენერგიაა და მისი გენერაცია ხშირად იცვლება. შესაბამისად, სჭირდება რაღაც დამაბალანსებელი. ზოგადად, წყალი ელექტროენერგიის შენახვის ყველაზე იაფიანი საშუალებაა. თუმცა, ჰიდროენერგეტიკის დიდი რესურსი უკვე ათვისებულია. შესაბამისად, დარჩენილი პოტენციალის თვალსაზრისით, ქარი და მზე უფრო ფართომასშტაბიანი შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესოა მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარება. ვფიქრობ, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ, ფინანსურ ნაწილში ძალიან ძვირადღირებული ელეტქროენერგიაა. მუშავდება ტექნოლოგიები, რომ ფინანსური ნაწილიც გაუმჯობესდეს, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს იმისთვის, რომ ასეთ ტირანულ სახელმწიფოზე არ იყოს დამოკიდებული მთლიანი ევროპა",- აღნიშნა მან. 

განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს, ინვესტიციების გარდა კიდევ რა ბარიერებს გადააწყდება დასავლეთი რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებით. 

"რუსული რბილი ძალა მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპაშიც კარგად მუშაობდა. შარშან NATO-მ გამოსცა თავისი ერთ-ერთი ანგარიში, სადაც ნახსენები იყო, რომ გაერთიანებისთვის პრიორიტეტი რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა გახდა. ამავე ანგარიშში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უამრავი მაგალითია მოყვანილი, თუ როგორ შეძლო რუსეთმა არასწორი კამპანიების აგორებით ადგილობრივი რესურსების განვითარების შეჩერება და დასავლური სახელმწიფოების თავის თავზე დამოკიდებულების გაზრდა. აქ მხოლოდ გაზსა და ნავთობზე არაა საუბარი. იგივე მდგომარეობაა ბირთვულ სადგურებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, უნგრეთმა საკუთარი განახლებადი რესურსების ათვისებაზე უარი თქვა და ატომური ელექტროსადგური რუსული ტექნოლოგიით ააშენა. ეს რუსეთზე უნგრეთის დამოკიდებულებას ნიშნავს. შესაბამისად, ამის გადალახვა და წლების განმავლობაში გავრცელებული დეზინფორმაციის ცვლილება მარტივი არ იქნება",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" აბრამიშვილმა. 

 

Businesspartner