ენერგეტიკა
06/05/2021

აფბა მოუწოდებს სსე-ს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არსებულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა, იმოქმედოს გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით და მიაწოდოს აფბას, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფბამ დაიწყო ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლა და აღნიშნულის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ (სსე), საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად, გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო განხორციელების ვადები, დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

როგორც აღმოჩნდა, სსე-მ არ ჩათვალა თავი ვალდებულად, ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალურად მიაწოდებინა. მათი განცხადებით, სსე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ახორციელებს საჯარო მმართველობას და არ მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა. მათ მხოლოდ მოგვაწოდეს რამდენიმე ბმული, მათივე ვებგვერდიდან, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიება. ეს გზა, ორგანიზაციის მიერ, ცხადია, მათთვის კითხებით მიმართვამდეც გავლილი იყო და რამდენადაც არსებული ინფორმაცია არასრულ პასუხებს გვაძლევდა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, ამიტომ გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, სსე-ს ეს გადაწყვეტილებაც ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ენერგოსექტორში დღეს უმწვავესად დგას. შესაბამისად, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მიაწოდოს ორგანიზაციას მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია. რათა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მდგომარეობაშია KFW-სთან, მსოფლიო ბანკთან, იბიარდთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტების მდგომარეობა.

საერთაშორისო პროექტების პარალელურად, აფბა ასევე იწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობისა და ტექნიკური გამართულობის საკითხის შესწავლას.

ვინაიდან, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში ტექნიკურად გამართულ გადამცემ ქსელს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობა.. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის იმპორტ/ექსპორტის დროს მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ავარიები და შემცირდეს ამ ავარიების შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის დანაკარგები.

აღნიშნულის ფარგლებში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია – 2016-2021 წლებში მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მომხდარი ავარიების რაოდენობის შესახებ. მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მომხდარი ავარიების შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში დეტალურად იქნეს მითითებული ყოველი ავარიის კონკრეტული თარიღი (დღე, თვე, წელიწადი).

Businesspartner