ენერგეტიკა
16/03/2023

ახალდაბაში "ტაშისკარი ჰესის" მშენებლობა თვის ბოლოდან დაიწყება

ახალდაბაში თვის ბოლოდან "ტაშისკარი ჰესის" მშენებლობა დაიწყება. პროექტი Gross Energy Group-ს ეკუთვნის და კომპანია მასში 3.2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 8.5 მლნ კვტ.სთ იქნება.

„ტაშისკარი ჰესის მშენებლობის ნებართვა 27 დეკემბერს ავიღეთ. ეს იქნება 1,3 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადდგური, მოდინებაზე. ალბათ, ამ თვის ბოლოსთვის უშუალოდ მშენებლობის პროცესს დავიწყებთ,“-განმარტა ირაკლი ტყებუჩავამ.

მისივე განმარტებით, კომპანიამ აქტივის სარგებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება საქართველოს მელიორაციასთან უკვე გააფორმა.

„ამ ტერიტორიაზე არის მელიორაციის არსებული კაშხალი და სწორედ ამ კაშხალზე მოეწყობა ჰიდროელექტროსადგური. მელიორაციასთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული მათი აქტივის სარგებლობაზე, უწყება შემოსავლის ათ პროცენტს მიიღებს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაებთანაც გვაქვს შეთანხმება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რაც გულისხმობს რომ ჰესის მომიჯნავედ მოეწყობა პარკი. ამ მიმართულებით, პარკის კეთილმოწყობაში დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ.“-აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები