ენერგეტიკა
02/06/2022

ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა 1-ელი სექტემბრიდან - სემეკის განმარტება

სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის რწმუნებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება აღარ გადავადდება და 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც ფანგანმა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მთავარი მიზეზი კოვიდ პანდემია იყო. 

"1-ელ სექტემბერს ჩვენ ველოდებით ენერგეტიკული ბირჟის გაშვებას. ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმის საბოლოო ფაზა, რომლის დასრულების შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული გვექნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკული ბირჟის გასაშვებად მზად ვართ. დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელიც დასაზუსტებელია და გამოსასწორებელია. მთავარი პრობლემა, რატომაც ამდენი ხანი არ გაეშვა ბირჟა, ეს პანდემიაა. პრაქტიკულად, 2 წელი ჩაგვივარდა და ვერ ჩავატარეთ ტრენინგები, სიმულაციები და ა.შ. ამან სერიოულად შეგვაფერხა. თუმცა ახლა ყველა ენერგეტიკული კომპანია მუშაობს სრული დატვირთვით 24 საათიან რეჟიმში. ვფიქრობ, ყველა შანსია იმისთვის, რომ ბირჟა სექტემბრიდან გაეშვას. 

ელექტრონერეგიით ვაჭრობა აბსოლუტურად ყველასთვის გახდება შესაძლებელი. ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი. ელექტროენერგიაზე წვდომა უმარტივესი იქნება. ყველას ერთნაირი წვდომა ექნება, როგორც პროდუქტზე, ასევე დამატებით მომსახურებებზე",- აღნიშნა ფანგანმა. 

Businesspartner