ენერგეტიკა
01/06/2021

დავით ნარმანია: გაზის გაძვირების გარეშე "თბილისი ენერჯის" სესხის აღება მოუწევდა

გაზის ტარიფის გადახედვის გარეშე "თბილისი ენერჯის" მოუწევდა სესხის აღება, რომლის პროცენტიც შემდეგ ისევე ტარიფს დააწვებოდა, - ამის შესახებ განცხადება "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგროვებული დავალიანების გადახდის გარეშე კომპანიას გაზის მიწოდება აზერბაიჯანული მხარისგან შეუწყდებოდა.

„თავის დროზე ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი 2.97 იყო. 2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო სამწუხაროდ კურსი გაუფასურდა. შესაბამისად, ამ თვეებში "თბილისი ენერჯის" გაზის მიმწოდებელი აზერბაიჯანული კომპანიის მიმართ დაუგროვდა 20 მილიონიანი დავალიანება. შესაბამისად, თუ ის ამ ვალდებულების გასტუმრებას არ დაიწყებს გაეთიშებოდა მას გაზი. შესაბამისად კომპანიამ შემოიტანა ჩვენთან განაცხადი. ჩვენ ამის დახარვეზების საფუძველი არ გვქონდა თორემ დავახარვეზებდით. კომპანიის მოთხოვნა იყო ლეგიტიმური, ვინაიდან პარამეტრები კომპანიას დაუკორექტირდა 10%-ზე მეტით. ამის გამო დავიწყეთ საქმის წარმოება. თითქმის სამ თვეზე მეტია რაც ამ საკითხზე ვმუშაობთ. ჩვენ შესაბამის გაანგარიშებებს ვაკეთებდით. ვაპირებდით ტარიფის დადგენას მაგრამ საკმაოდ მაღალი კურსი იყო. შემდეგ სხდომა გადავდეთ და კურსი როცა ცოტა გამყარდა 3,31-ზე დავადგინეთ ახალი ტარიფი. ჩვენ რომ კურსის სხვაობიდან გამომდინარე არ გაგვეზარდა ფასი საკმაოდ მალე დადგებოდა პერიოდი როცა შესაძლოა თბილისი ენერჯისთვის მიმწოდებელს გაეთიშა გაზი. ან კომპანიას მოუწევდა საბანკო სესხის აღება ვალის გასასტუმრებლად და ეს საბანკო პროცენტი დააწვებოდა ტარიფს. ამიტო ჯობია და სწორია რომ მოხდეს ეტაპობრივი დაკორექტირება ვიდრე დააგროვო და შემდგომ ერთიანად გაზარდო,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზარდა. სემეკის მიერ "თბილისი ენერჯისთვის" დაადგენილი ტარიფი თითქმის 54 თეთრია, ნაცვლად აქამდე არსებული 46 თეთრისა. ახალი ტარიფები 2023 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

Businesspartner