ენერგეტიკა
30/06/2022

დავით ნარმანია: იაფ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს  

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სამი ქვეყნიდან ხდება - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანიდან. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეული თვეების განმავლობაში, საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, იაფია. 

მისი თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე რუსულ ენერგიაზე უარი თქვას. 

"ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ იმპორტი გვაქვს სამი ქვეყნიდან. კონკრეტული თვეების მიხედვით განსხვავებულია მოცულობებიც და ქვეყნებიც. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყნიდან რა ფასად არის შესაძლებელი ელექტროენერგიის იმპორტი.როგორც წესი, არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე დიდი ზეწოლა არ იყოს. 

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი მსყიდველუნარიანობიდან, ასევე, ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ. თუმცა, თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება, ან რაიმე ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, რადგან ელექტროენერგიის მიღების ალეტრანტიული წყაროები ნამდვილად არსებობს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება.  

"იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული საკმაოდ წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ნამეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად ხორციელდება ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია, ერთი, რომ სრულად დაკმაყოფილდა ადგილობრივი მოთხოვნა და მეორე, პრაქტიკულად წყალი არ დაღვრილა და გამომუშავებული ენერგიის სრული ექსპორტი ხორციელდება თურქეთში. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება. გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობით წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ ეტაპობრივად დაგროვებული წყლით გამოიმუშავონ ელექტროენერგია და მიაწოდონ ბაზარს. 

ამ ეტაპზე იმპორტი პრაქტიკულად არ ხორციელდება, ვინაიდან სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი წარმოებით ადგილობრივი მოხმარება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

Businesspartner