ენერგეტიკა
24/10/2022

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

სემეკს მეორე ვადით დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. მან ფარული კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრების მხარდაჭერა მოიპოვა და კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე უკვე დამტკიცდა.
 
დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველ ვადაში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.
 
დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა.
 
კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.
დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას, 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს. 2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.
 
დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.
Businesspartner