ენერგეტიკა
14/09/2020

დღეიდან ენერგობირჟა კომპანიებს სატესტო რეჟიმში სავაჭრო პლატფორმაზე დაარეგისტრირებს

დღეიდან ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს სატესტო რეჟიმის ფარგლებში სავაჭრო პლატფორმაზე დაარეგისტრირებს. შექმნილი ანგარიშების მეშვეობით კომპანიებს სატესტო რეჟიმში განაცხადების გაკეთების საშუალებაც ექნებათ.

„უკვე დღეიდან ვიწყებთ მონაწილეებთან აქტიურ კომუნიკაციას სავაჭრო პორტფელების შექმნასთან დაკავშირებით. სატესტო პლატფორმა უკვე გამზადებულია და დღეიდან დავიწყებთ მონაწილეების რეგისტრაციას ამ პლატფორმაზე და შევუქმნით სავაჭრო პორტფელებს. იმედი მაქვს, რომ ჩართულობა ისეთივე იქნება, როგორც აქამდე იყო. დაახლოებით 100-მდე ადამიანია რეგისტრირებული ყველა სემინარსა და ტრენინგზე. ეს პროცესი 1-ელ ივლისამდე უნდა გაგრძელდეს“,- განმარტა ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ.

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2021 წლის 1-ელ ივლისამდე იმუშავებს.

„მას შემდეგ, რაც კანონი და კონცეფცია იქნა მიღებული ჩვენ, როგორც ბაზრის დღითიდღე და დღიურმა ოპერატორმა მივმართეთ სემეკს ლიცენზიის მოთხოვნით. ლიცენზია გაიცა მაისში, რამაც ენერგეტიკულ ბირჟას კონკრეტული ვალდებულებები დააკისრა. ამის შემდეგ პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო და ჩვენ ის წარვადგინეთ კომისიაში. აგვისტოში უკვე გვაქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. ყველაზე საინტერესო პროცესი ახლა იწყება იმიტომ, რომ სატესტო რეჟიმში უნდა გაეშვას ბაზარი. სატესტო რეჟიმი იქნება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. შესაბამისად, დავიწყეთ მონაწილეების რეგისტრაციაც. ივლისის ბოლოდან რამდენიმე საინტერესო ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. მატ შორის, მთავარი ისაა, თუ როგორი ბაზრები გვექნება მომავალში, რა აუცილებელი უნარები სჭირდებათ მონაწილეებს“,- აღნიშნა მილორავამ.

ენერგეტიკული ბირჟის დირექტირმა დღით ადრე და დღიური ბირჟის წესების მნიშვნელობაც განმარტა.

„დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. იცით, რომ გადავდივართ საათობრივ ვაჭრობაზე. ჩვენ დღეს ყოველთვიური ანგარიშსწორება გვაქვს, ფასი ყალიბდება თვის ჭრილში. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. დღით ადრე და დღიური ბაზრები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გააკეთონ თავიანთი სავაჭრო პორტფელის ოპტიმიზაცია და დღეს უკვე გააკეთონ განაცხადები ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ჩაირთვება დღიური ბაზარი, რომელიც ასევე საინტერესოა. ის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს მონაწილეებს. ანუ, ფიზიკური მიწოდების საათამდე 1 საათით ადრეც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება“,- განმარტა ირინა მილორავამ.

Businesspartner