ენერგეტიკა
16/07/2022

ექსპერტი: ევროპა რუსულ გაზზე ისეა დამოკიდებული, მისი მყისიერი შეწყვეტა შეუძლებელია

უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს, თუმცა, როგორც Reuters-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით აცხადებს, რუსული გაზის აკრძალვის საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება, რადგან წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ.

როგორც ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკის იარაღად ყოველთვის იყენებდა და დღესაც ასეა. 

მისი თქმით, ევროპა იმდენად იყო დამოკიდებული რუსეთზე, რომ გაზის იმპორტის მყისიერი შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ვერ გადაწყდება, თუმცა შედეგი დადგება. 

"ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ევროპაში გაზის მიღების შემცირება მყისიერად შეიძლებოდა. ნავთობისთვის ეს შესაძლებელი იყო და ასეც ხდება. გაზის შემთხვევაში ეს არის კომპლექსური საკითხი. რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკის იარაღად და დღესაც იყენებს. 

ევროპას რუსეთზე დამოკიდებულებაში ისე ღრმად ჰქონდა შეტოპილი, რომ მყისიერი შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამას თვითონაც ხვდებოდნენ და არავინ ამბობდა, რომ ამას გააკეთებდნენ 1-2 თვეში ან თუნდაც წლის ბოლომდე. ეს არის პროცესი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გადაწყდება. ჩვენ ხომ არ ველოდით რუსეთ-უკრაინის ომის ამდენი ხნით გაგრძელებას. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ენერგეტიკაშიც ასეთი მყისიერი შედეგი არ დადგა. მაგრამ თანდათან დადგება", - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი". 

Businesspartner