ენერგეტიკა
18/05/2022

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022 გაიმართება

2 და 3 ივნისს თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია "The Renewable Georgia 2022" გაიმართება.

ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, ბრიტანული კომპანია "The Voice of Renewables"-ის ორგანიზებით ჩატარდება.

კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს 8 საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაში; განახლებადი ენერგიის ინტეგრირება ელექტროენერგეტიკულ ქსელში; გარემოსდაცვითი მართვა და სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვის, მშენებლობისა და ოპერირების დროს; ინვესტორებისთვის მდგრადი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის და სხვა.

"The Voice of Renewables" 2008 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თემატიკის ენერგეტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს. კომპანიას 700-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული ჯამურად 200,000 ადამიანის მონაწილეობით. ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას საქართველოში 6 ღონისძიება აქვს ჩატარებული. 6-წლიანი პაუზის შემდეგ "The Voice of Renewables" კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს კვლავ უმასპინძლებს.

 

Businesspartner