ენერგეტიკა
09/03/2021

ელენერგიის მაღალი მოხმარება ტურიზმთანაა დაკავშირებული - დეპუტატი ორი დარგის კავშირზე

პარლამენტის წევრი მარიამ ქვრივიშილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია უნდა აწარმოოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს რა საფრთხეების და განვითარების ხელშემშლელი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა.

„როგორც თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე პროცესს ნამახვანჰესის გარშემო, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ცნობიერების ასამაღლებლად ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს მძლავრი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რათა საზოგადოებამ გაიგოს რა საფრთხეების და განვითარების ხელშემშლელი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობა, ვფიქრობ, სათანადოდ უნდა იყოს განმარტებული ევროპული ქვეყნების მაგალითზე, რომელთა ენერგეტიკულ პროფილშიც წყლის რესურსს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მინდა გკითხოთ, რა გეგმა გაქვთ ამ კუთხით?“ - მიმართა დეპუტატმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე, ტურიზმის განვითარებასა და ენერგეტიკას შორის კორელაციით დაინტერესდა.

„განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ ზაფხულში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება უკავშირდება სწორედ ტურიზმს. ამ დროს ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ინფორმაციას, სხვადასხვა შეხედულებას, მათ შორის, შეიძლება, ეს იყოს სპეკულაცია მედიის საშუალებით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და უნდა მივხედოთ ტურიზმს. როგორ უპასუხებთ მსგავს შეხედულებებს და საინტერესოა, გვაქვს თუ არა რაიმე მაგალითი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც იზრდება ტურიზმი და არ იზრდება დენის მოხმარება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

Businesspartner