ენერგეტიკა
11/10/2021

ენერგეტიკოსი: გაიზრდება ელექტროფიკაცია, რასაც ენერგორეფორმირება და რესტრუქტურიზაცია დასჭირდება

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე ევროკავშირის ხედვების ძირითად ტენდენციებს ეხმიანება და კონკრეტულ ლინკს აქვეყნებს. 

მურმან მარგველაშვილი განმარტავს, რომ ეს არის ევროკავშირის "ნაფიქრი" მომავალი ათწლეულის მთავარ ტენდენციებზე და მიიჩნევს, რომ საკუთარ და ქვეყნის მომავალზე საქართველოშიც უნდა დავფიქრდეთ.

"ევროკავშირის ხედვით ძირითადი ტენდენციებია:

1. კლიმატის ცვლილება 1.50C -ით გარდაუვალია, რასაც შეუქცევადი ცვლილებების ზღვარზე მივყავართ. გარდაუვალია გვალვების, სიცხის ტალღების, კატასტროფული ნალექების და შტორმების გაზრდილი სიძლიერე მთელს მსოფლიოში. გაზრდილი ენერგიის მოხმარება და მისი გართულებული გამომუშავება.
 
2. მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა 8.5-9 მილიარდამდე, ამასთან ევროპაში (და სავარაუდოდ ჩვენთან) პოპულაციის შემცირება. მოხუცების წილის და შესაბამისი ხარჯების ზრდა და შრომისუნარიანთა წილის შემცირება. მიგრაციული დაწოლა.
 
3. გაზრდილი ურბანიზაცია მათ შორის სოფლის მეურნეობის გართულების გამო. უკიდურესი ტემპერატურები განსაკუთრებით დაარტყამს ქალაქებს და, შესაბამისად, ასაკოვან და ღარიბ მოსახლეობას.
 
4. გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა და მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტით ($50000+) ევროკავშირი ისევ ბევრად წინ იქნენა და ლიდერი დარჩება. საკითხავია, დღეს თუ რვაჯერ ჩამოვრჩებით ევროკავშირის მაჩვენებელს, როგორ უნდა მოხერხდეს თუნდაც მცირედით დაახლოება?
 
5. გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნა, განახლებადი ენერგიის წყაროები, მიუხედავად მათი წილის ზრდისა, ვერ შეამცირებს ჯამურ გაფრქვევებს. გაიზრდება ელექტროფიკაცია (უპირველესად ტრანსპორტის), რასაც ენერგეტიკის რეფორმირება და რესტრუქტურიზაცია დასჭირდება.
 
6. ტექნოლოგიების განვითარება და ინტერნეტით ურთიერთდაკავშირებულობა მკვეთრად მოიმატებს. 2030 წლისთვის ინტერნეტზე 125 მილიარდი მოწყობილობა იქნება მიერთებული. გაიზრდება ადამიანთა მობილობა. მაგალითად, 2030 წელს 3-ჯერ მეტი მფრინავი იქნება საჭირო ვიდრე დღეს არის.
 
7. მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდება - ერთი და ორი ქვეყნის დომინანტობა დასრულდება. შეიცვლება აშშ, ნატოს და ევროკავშირის როლი. რუსეთის ნაცვლად გაძლიერდება ჩინეთი და დაუპირისპირდება დასავლეთს.
 
ვრცლად იხილეთ მთლიანი ანგარიში თავისი ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარებით. პანდემიის ეფექტები ასახული არ არის, მაგრამ ტენდენციები სავარაუდოდ უცვლელია.
 
კლიმატის ცვლილები გამძაფრებული გამოვლინებები, მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური და ძალოვანი ცენტრების გადანაცვლება, დემოკრატიის დაღმასვლა და პოპულიზმის ზრდა, ტექნოლოგიების, მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიების, სწრაფი ზრდა, ტერორიზმის და კიბერთავდასხმების მზარდი საფრთხეები, კოვიდი და პანდემია, მხოლოდ რამდენიმე ტენდენციაა, რაც ცვალებად და დაძაბულ გარემოს უქადის ჩვენს ქვეყანას. ასეთ პირობებში ჩვენნაირი სუსტი ქვეყნის გადარჩენას სრული მობილიზება და უპირველესად მომავალზე პასუხისმგებლიანი ფიქრის დაწყება ესაჭიროება. თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშნები ნაკლებად ჩანს, როგორც პოლიტიკის, ასევე - აკადემიურ და სხვა საზოგადოებრივ წრეებში. ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა გვაჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის საკმარისი იმუნიტეტი არ გააჩნია.
 
მოსახლეობის განათლების დონე იქნება ერთერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა რაშიც ძალიან ჩამოვრჩებით. მგონია, რომ გადარჩენისთვის ქვეყანას უპირველესად არსებული გონებრივი პოტენციალის მაქსიმალური მობილიზება სჭირდება.
 
ქვეყნის ინტელექტუალურმა ელიტამ უნდა გაიაზროს საკუთარი და შვილების მომავლის წინაშე მდგარი საფრთხეები, გამოწვევები და შესაძლებლობები და ამ ხედვით უნდა წარმართოს მუშაობა. პოლიტიკოსებს ამისთვის არ სცალიათ. დრო უკვე გასულია და იქნებ ცოტათი მაინც დავეწიოთ და გარდაუვალი დანაკარგების მინიმიზაცია მაინც მოვახერხოთ.
 
სასწრაფოდ არის საჭირო:
 
- ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება და ამუშავება.
- ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების დაწყება.
- განათლებული ადამიანების მოკრება და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება. განათლების სისტემის აღორძინებას ვერ დაველოდებით", - წერს სოციალურ ქსელში ენერგეტიკოსი.

მთავარი სიახლეები