ენერგეტიკა
31/05/2023

"ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები დეველოპერულ სექტორს სამშენებლო სამუშაოებს გაუძვირებს"

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რაც დეველოპერულ სექტორს სამშენებლო სამუშაოებს გაუძვირებს, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, დეველოპერებს დაეკისრებათ შენობის ყველა იმ ელემენტის თბური მახასიათებლის გათვალისწინება, რომელიც ატმოსფეროსთან შეხებაშია. სწორედ ამით შენარჩუნდება შენობაში როგორც სითბო, ასევე სიცივე.  

აქედან გამომდინარე,  ენერგოეფექტურობის მოთხოვნები გარკვეულ ფიზიკურ შეზღუდვებს აწესებს, რაც შემდგომ არქიტექტორმა დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს.

იმის გამო, რომ საქართველო სამ სამშენებლო კლიმატურ ზონადაა დაყოფილი(დასავლეთ საქართველოს დაბლობი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი და საქართველოს მთიანეთი), ენერგოეფექტურობის მოთხოვნა კლიმატრი სარტყელის მიხედვით განსხვავებული იქნება.

„ჯამურად, ე.წ სასიცოცხლო ციკლის შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, შენობის მშენებლობას პლუს საექსპლუატაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცაღა აშენების ხარჯები დაახლოებით 10%-მდე გაიზრდება, ვინაიდან ენერგოეფექტურობის ამოცანაა ექსპლუატაციის პერიოდში შენობა იაფი, კომფორტული და ჯანმრთელობაზე ნაკლებად უარყოფითად მოქმედი იყოს.“ -აცხადებს აბულაშვილი. 

 

აღნიშნული რეგულაცია  ყველა შენობაზე გავრცელდება, გარდა 50 კვ.მ-ზე ნაკლები შენობისა, შენობა-ნაგებობაზე, რომელიც წელიწადის განმავლობაში ოთხ თვეზე ნაკლები პერიოდით არის ექსპლუატაციაში შესული და ასევე კულტურული ღირებულების მატარებელი და რელიგიური დანიშნულების შენობები.

როგორც ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, მეორე ეტაპზე ქვეყანაში გაჩნდება სერტიფიცირებული პროფესიონალების ჯგუფი, რომლებსაც „შენობების ენერგოეფექტურობის სერთიფიკატორები“ ერქმევათ  და ისინი უკვე პროფესიულად შეაფასებენ  ყველა ნაგებობას, თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა შენდება ან გადის ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები