ენერგეტიკა
08/02/2021

ენერგოომბუდსმენი: კლინიკებისთვის ელენერგიის ხარჯის სუბსიდირება რისკებს უკავშირდება

დაუსუბსიდირდებათ თუ არა კლინიკებს ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი, ეს ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო სტრუქტურებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. თემასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის ხარჯის დასუბსიდირება არაერთ რისკთან არის დაკავშირებული.

„კლინიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის. თქვენ იცით, რომ კლინიკების უდიდესი უმრავლესობა კერძო სამართლის იურიდიულ პირია. შესაბამისად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება სერიოზული რამ არის თავად ბიუჯეტისთვისაც. აქ საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებით ძალიან ბევრი რისკია გასათვლელი“,- აღნიშნა ვარდიაშვილმა.

ცნობისთვის, კლინიკებმა 2 კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური წერილით მიმართეს, რის შემდეგაც ისინი ეკატერინე ტიკარაძეს პირადად შეხვდნენ. სამედიცინო დაწესებულებებს 2 მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ. პირველი, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება, მეორე კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვა და მისი ინდექსაცია.

შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. თუმცა, კონკრეტული შედეგგები კლინიკებს ჯერჯერობით არ აქვთ.

Businesspartner