ენერგეტიკა
15/01/2021

ენგურჰესი 3 თვით ჩერდება - რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყნის ენერგოსექტორს

20 იანვრიდან ენგურჰესი ჩერდება. ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვეზე მეტ ხანს გასტანს და აპრილის ბოლოს დასრულდება.

„ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში განხორციელებული ინვესტიცია ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე უკვე აისახა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა, ზვიად კილასონიამ განუცხადა. სემეკმა 17 დეკემბერს დაადგინა „ენგურჰესის“ ახალი ტარიფი და ის 0.5 თეთრით გაიზარდა.

„ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს, ასევე საოპერაციო ხარჯებს სემეკთან ვათანხმებთ. შესაბამისად, ის ამას ითანხმებს და ამტკიცებს ტარიფს. ეს ფაქტობრივად, შეთანხმებულია წინასწარ და ასახულია ტარიფში. ტარიფის გადაანგარიშება ყოველ სამ წელიწადში ხდება. მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. მაგალითად, თუ შეიცვლება, 5-10%-ის ფარგლებში იქნება. ეს არსებით მნიშვნელობას სამომხმარებლო ტარიფზე არ მოახდენს“,- ამბობს კილასონია.

ამ დროისთვის გვირაბიდან, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, დაახლოებით 200-250 მლნ მ³ წყალი იკარგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ამ რიცხვის 30-35%-ით შემცირებას ვარაუდობენ.

„გვირაბის ექსპლუატაცია სწორ რეჟიმში რომ მოხდეს, ის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მოითხოვს დახურვას და საჭირო უბნების ცემენტაციას. ჩვენ 2018 წელს დავხურეთ 10 დღით. დაათვალიერეს და შეფასდა სამუშაოები. წინასწარ ვიცით, რომელ უბანზე იქნება ჩასატარებელი ცემენტაცია. ბოლოს, გვირაბის რეაბილიტაცია განხორციელდა 2006 წელს. რა თქმა უნდა, არის გაჟონვები. ახლა დაახლოებით 200-250 მ³ წყლის გაჟონვა ხდება. ჩატარებულმა სამუშაოებმა ეს რიცხვი დაახლოებით 30-35%-ით უნდა შეამციროს. ეს რომ გამოსამუშავებელი ელექტროენერგიის თვალსაზისით გადავიანგარიშოთ, დამატებით დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ის გამომუშავებას ვვარაუდობთ. წყალსაცავის დღევანდელი დონიდან გამომდინარე, ალბათ, 200 მლნ კვტ.სთ-ზე მეტს ვერ გამოვიმუშავებდით“,- განმარტა ზვიად კილასონიამ.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს.

"პროექტი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ენგურის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია. სწორედ ის მოითხოვს გაჩერებას, რადგან წყალი მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი. რაც შეეხება გვირაბის რემონტს, ის 20 იანვარს დაიწყება და დასრულდება აპრილის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასასყისისთვის ჩაერთვება ერთიან ელექტროსისტემაში“,- აღნიშნა კილასონიამ.

Businesspartner