ენერგეტიკა
25/04/2021

ენგურჰესის რეაბილიტაცია დასრულდა - ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში ერთვება

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა და საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში დაგეგმილზე უფრო ადრე ჩაერთვება.
 
"ენგურჰესის" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჰერმოკარების დაკეტვის მომდევნო ეტაპი გვირაბის წყლით შევსებაა და ჰესი ერთიან ქსელში დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება.
 
"ენგურჰესის რეაბილიტაციის VI ფაზის უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით დასრულდა!
"გილოცავთ - დღეს სადერივაციო გვირაბის ყველა ჰერმო კარი ჩაიკეტა!
დასრულდა 3 თვიანი მარათონი, ბევრი უძილო ღამე და ტიტანური შრომა და დაიწყო გვირაბის წყლით შევსება! შევსების დაწყებიდან 3 საათში წყლის სიმაღლემ ბოლო კარის ზონაში 5 მეტრს მიაღწია.
ძალა ერთობაშია! გავაკეთებთ!" - წერს სოციალურ ქსელში სს ენერგონის გენერალური დირექტორი გიორგი მირცხულავა.
 
 
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 იანვრიდან დაიწყო, შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჰესის მუშაობა შეჩერებულია. 
 
ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი.
Businesspartner