ენერგეტიკა
13/10/2021

ენგურჰესის ტვირთი - როგორ აზარალებს აფხაზეთში მაინინგი ენერგოკომპანიას

ენგურჰესის წლიურ გენერაციაში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა კომპანიამ 2020 წელი 62 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.

ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 42 მლნ ლარი ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა განპირობებული.

სამინისტროს ფისკალური რისკების 2020 წლის ანალიზის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების წილი ფინანსურ ტვირთად აწევს კომპანიას და ეს ცხადი კვაზი ფისკალურ აქტივობაა.

2020 წელს ელექტროენერგიის რეალიზაციიდან კომპანიამ 14.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და ამ შეთხვევაში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 პანდემიას შპს ენგურჰესის შემოსავლებზე გავლენა ძირითადად არ ჰქონია. 2020 წელს ქვეყანაში ელეტროენერგიის მოხმარება შემცირდა, თუმცა ამას ენგურჰესის ბალანსზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ პერიოდში წყლის შემოდინება ძალიან მცირე იყო, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოთ მიწოდებით დაახლოებით 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

"პანდემიის პირობებში 2020 წელს ელ. ენერგიის მოხმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება გაიზარდა 24%-ით. ლოგიკური იქნება გვქონოდა მოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში ელ. ენერგიის მოხმარების შემცირება მეტად დრამატული ყოფილიყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან შედარებით, ნაცვლად ამისა, მივიღეთ სრულიად საპირისპირო შედეგი. ამავე პერიოდს უკავშირდება კრიპტო-ვალუტის ფასების მატება, რაც თავის მხრივ ზრდის მაინინგზე მოთხოვნას. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხმარების მატება 100%-ით მოდის მაინინგზე. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ნაწილობრივ არაა კომპენსირებული რუსეთიდან იმპორტირებული ელ. ენერგიით, ენგურჰესის მიუღებელი შემოსავალი მხოლოდ არალეგალური მაინინგით 2020 წელს იქნებოდა სულ მცირე 9 მლნ ლარი. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეს, თავის მხრივ ქმნის ფისკალურ რისკს სახელმწიფოსთვის", - ნათქვამია სამინისტროს ანალიზში.

ენგურჰესის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის წარმოება-რეალიზაციაა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, წილის მმართველი ეკონომიკის სამინისტრო. კომპანიის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტია. კომპანიას 2 შვილობილი კომპანია ჰყავს შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ და შპს „ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“. კომპანია პასუხისმგებელია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ვარდნილჰესების კასკადისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში, მდებარე რამდენიმე მცირე ჰესის ფუნქციონირებაზე.

 

Businesspartner