ენერგეტიკა
15/02/2023

ევროპული სანქციები რუსულ ნავთობსაც შეეხო - როგორ აისახება უმსხვილესი მომწოდებლის პრობლემები საქართველოს ენერგობაზარზე?

ნავთობის კვალდაკვალ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სანქციები რუსულ ნავთობპროდუქტებსაც შეეხო. 5 თებერვლიდან ამოქმედდა ემბარგო დიზელისა თუ მაზუთის საზღვაო გადაზიდვებზე, ფასებზე კი ზედა ზღვარი დაწესდა:   1 ბარელი რუსული დიზელის საექსპორტო ღირებულება 100 დოლარს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მაზუთის,  40 დოლარს.

რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ სანქციები სექტორზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. აღსანისნავია, რომ  ევროპა რუსული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისთვის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი იყო 62%-იანი წილით.

ანალოგიური შეზღუდვები საზღვაო გადაზიდვებსა და ფასზე რამდენიმე თვის წინ რუსულ ნედლ ნავთობზეც დაწესდა, შედეგად Urals -ის ღირებულება მკვეთრად დაეცა და ბარელზე 50 დოლარი შეადგინა  (დასაშვები ზღვარი 60 დოლარია).  გამოწვევების ფონზე რუსეთმა, ჩინეთისა და ინდოეთის სახით, მსხვილი სარეალიზაციო ბაზრები მაინც მოძებნა. ნავთობპროდუქტების შემთხვევაში, ეს გაცილებით რთული იქნება.  

ინდოეთსა და ჩინეთზე  გადაწყობა რუსეთისთვის გამოსავალი არ იქნება, რადგან ეს უზარმაზარი ქვეყნები თავად არიან ნავთობის მსხვილი გადამამუშავებელი ცენტრები და  ნავთობპროდუქტების ექსპორტიორები. რუსეთს შესაძლებლობა რჩება შედარებით მცირე ბაზრებზეთურქეთსა და ახლო აღმოსავლეთზე გადაამისამართოს საკუთარი პროდუქცია“, - მიიჩნევს  „ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, მარსელ სალიხოვი.

სადამსჯელო ღონისძიებებისგან მხოლოდ რუსეთი არ ზარალდება. ევროპა, სადაც ტრანსპორტი, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა დიზელის მთავარი მომხმარებელია, უკვე თვეებია, ენერგოსტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, საწვავზე ხარჯები კი რეკორდებს ხსნის.

როგორც ბლუმბერგი წერს, ახალი წესები ისეა შედგენილი, რომ შეზღუდვები ორივე მხარემ აიცილოს.  კერძოდ, სანქციები არ შეეხებათ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინდოეთმა და ჩინეთმა შესაძლოა, დაიწყონ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვა დისკონტით შიდა მოხმარებისთვის, ხოლო საკუთარი საწვავი კი ევროპაში გაიტანონ, ან შეისყიდონ იაფი რუსული ნედლი ნავთობი, გადაამუშავონ და ისე გაყიდონ ევროპულ ბაზარზე.

თუმცა, ყველა თანხმდება, რომ შეზღუდვების ფონზე მიწოდების ჯაჭვის დარღვევისა და შეფერხებების რისკი ძალიან მაღალია. სანაოსნო მარშრუტები შესამჩნევად გაგრძელდება, სავაჭრო ფლოტზე ზეწოლა გაიზრდება, არაეფექტური მარშურტები კი, საბოლოო ჯამზე, ფასებს ავტომატურად გაზრდის.

ლონდონის საკონსალტინგო სააგენტო Wood Mackenzie-ში ფიქრობენ,რომ რუსული დიზელის ექსპორტი მიმდინარე კვარტალში წინასთან შედარებით, დღე-ღამეში 200 ათასი ბარელით შემცირდება. მის აზრს იზიარებს რუსეთში „ენერგეტიკის ეროვნული უსაფრთხოების ფონდის“ წამყვანი ანალიტიკოსი, იგორ იუშკოვი. მისი თქმით,  უახლოეს თვეებში რუსეთი, სავარაუდოდ, ნედლი ნავთობის ექსპორტს გაზრდის, მაგრამ ნავთობპროდუქტების შემცირება მოუწევს ტანკერების დეფიციტის გამო. მარსელ სალიხოვი კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს -  ექსპორტის 10-15%-იან კლებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ  რუსეთი  საზღვარგარეთ წელიწადში 150 მილიონ ტონა პროდუქციას ყიდის, ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტი  ნავთობისა და გაზის სექტორიდან დაგეგმილი 8 ტრილიონი რუბლის ნაცვლად, 6 ტრილიონი რუბლის შემოსავალს მიიღებს.

რა პერსპექტივებია საქართველოსთვის?

გასულ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა  1 მილიონ 150 ათას ტონას გადააჭარბა, აქედან 543 ათასი ტონა დიზელზე მოდის. „ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით,  ნახევარზე მეტი  - 651 ათასი ტონა საწვავი რუსეთიდან შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში  რუმინეთი, ბულგარეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანიც ფიგურირებენ.

რუსეთი, როგორც ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი, ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია, პოზიციონირდა. რა მოხდება, თუ უცხოელი ანალიტიკოსების პროგნოზები გამართლდება და მას დიზელისა და მაზუთის წარმოება-მიწოდებაში პრობლემები შეექმნება? რუსული ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ  ალტერნატივად, ტერიტორიული სიახლოვის გამო, მეზობელი აზერბაიჯანი რჩება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ დიზელს საქართველოს იმპორტში ადრე 40%-იც კი ეკავა, თუმცა, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიმდინარე გადაიარაღების ხანგრძლივმა პროცესმა და არასრულმა დატვირთვით მუშაობამ ქართულ ბაზარზე პოზიციები დაათმობინა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, საწარმოში რემონტი, პრაქტიკულად,  დასრულებულია და წელს გაზაფხულზე „ ევრო - 5“  სტანდარტის დიზელის წარმოებას დაიწყებს.

საგულისხმოა, რომ იანვრიდან საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე  „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის რეალიზაცია სავალდებულო გახდა. მთავრობამ  შესაბამისი დადგენილების ამოქმედება რამდენიმეჯერ გადაავადა, რაც სწორედ აზერბაიჯანულ საწვავს უკავშირდებოდა.

„ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის  საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე“,- აცხადებდნენ „ნავთოიმპორტიორთა კავშირში“, რომელთა მოთხოვნა გადავადებაზე მაშინ მთავრობამ გაიზიარა.

 

Businesspartner