ენერგეტიკა
07/10/2021

ფერი: ონში ჰესიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ონში ჰესების კასკადის და ქარის  ელექტროსადგურის  მშენებლობასთან  დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ დეტალებს განმარტავს.

მისი ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც.

როგორც  „ფერის“ დირექტორი განმარტავს, 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. 

„ონის კასკადის მემორანდუმში ჩანაცვლდა ეკონომიკური პირობები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ონის კასკადი არ აშენდება და ქარის ელექტროსადგური აშენდება. ორივე აშენდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელად, ცალ-ცალკე პროექტებია. უბრალოდ, ეკონომიკური ვალდებულების ნაწილი ჩაეხსნა სახელმწიფოს ონის კასკადიდან და გაცილებით გამარტივებული სახით მიება ქარის ელექტროსადგურს.

ანუ, ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც ჰქონდა ონის კასკადს სახელმწიფოს მიმართ, ეს ფინანსური ვალდებულება მოეხსნა და გადავიდა ქარის ელექტროსადგურზე, სახელმწიფოსთვის უფრო მომგებიანი პირობით,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ და ვისი ინიციატივით მოხდა ასეთი გარიგება/ჩანაცვლება, იორდანიშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ქარის ელექტროსადგურზე გაცემული გარანტირებული  შესყიდვის ხელშეკრულებით პირობები გაიუმჯობესა, ინიციატივა კი  ორივე მხრიდან მოდიოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა  ფინანსური ვალდებულება ჰქონდა ონის კასკადის მშენებელ კომპანიას სახელმწიფოსთან, იორდანიშვილი აცხადებს, რომ მემორანდუმის ცვლილებამდე დაგეგმილი იყო 2 ჰესის მშენებლობა. ონი 1-ის დადგმული სიმძლავრე 122.46 მეგავატი იყო და ონი 2-ის 83.7 მეგავატი. PPA ითვალისწინებდა პირველი ჰესის შემთხვევაში გარანტირებულ ტარიფს 20 წლის განმავლობაში, ტარიფი იქნებოდა 6.65 ცენტი, 3.5%-იანი ესკალაციით. მეორე ჰესის შემთხვევაში სახელმწიფო მთლიანი გამომუშავების 20% შეიძენდა - 1 კვტ.სთ-ს 6.65 ცენტად, 3.5%-იანი ესკალაციით.

ცვლილების შემდეგ, ონის კასკადის შემთხვევაში გარანტირებული ტარიფის მოთხოვნა მოიხსნა და ის ბაზრის თავისუფალი პრინციპით განისაზღვრება; ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში კი კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ცენტს. 

კითხვაზე, მემორანდუმში შეტანილი ცვლილების შედეგად, ონის კასკადის შემთხვევაში, ინვესტორი კომპანია იღებს თუ არა ვალდებულებას წლიური სრული გამომუშავება სრულად საქართველოს ელექტრო ქსელს მიაწოდოს, იორდანიშვილი აცხადებს, თუ საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი იქნება, სისტემა მას გარეთ არ გაუშვებს.

“ღმერთმა ქნას, რომ გასატანი გვქონდეს გაცილებით მეტი, ვიდრე შემოსატანი,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურს, „ფერის“ დირექტორი აცხადებს, რომ განიხილება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა, იმერეთი, ქართლი, ჯავახეთი. ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციების კვლევა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კომპანია დაახლოებით 1 წელიწადში მიიღებს.

ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა. 

იორდანიშვილის ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადზე  კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის.

მისი თქმით, კომპანია სამშენებლო ნებართვის მიღებას უკვე თვეებია ელოდება, რომლის შემდეგაც ონში ჰესების მშენებლობას დაიწყებს. კომპანია „ფერს“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნა უკვე მიღებული აქვს.

მისი განცხადებით, კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია.

კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. საწყის ეტაპზე  ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, შემდეგ მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია.

მთავარი სიახლეები