ენერგეტიკა
30/12/2020

Galt & Taggart: ტარიფის ზრდა არ არის იმდენად დიდი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროს

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის აზრით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ ელენერგიის მოხმარება შეამციროს.

მისივე თქმით, მოხმარების შემცირება, შესაძლოა, კომერციულ სექტორში შევნიშნოთ, თუმცა, ესეც უმნიშვნელო მაჩვენებელი იქნება საერთო მოხმარების სურათში.

„3,5 თეთრი არ არის იმდენად დიდი ზრდა, რომ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი შემცირება გვქონდეს. კომერციულმა სექტორმა შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ელენერგია ნაკლებად ელასტიური პროდუქტია – ან არის მისი საჭიროება, ან არ არის“, - მიიჩნევს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი.

სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისა და ბიზნესის მოწყვლადი ნაწილისთვის დენის ტარიფში სხვაობის სრულად და ნაწილობრივ სუბსიდირებას Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ტარიფის ზრდა 2021 წელს არ დააწვება ტვირთად. სახელმწიფო სუბსიდიის მთავარი აზრი ისაა, რომ კოვიდის პერიოდი გადააგოროს მოსახლეობამ და ბიზნესმა“, – აცხადებს ექსპერტი.

Businesspartner