ენერგეტიკა
19/07/2021

გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი იყოს ენერგოსექტორისთვის - აფბა თურნავას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ უკვე არაერთხელ შეეჩეხა ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამჭვირვალობის პრობლემას, რომელიც, შესაძლოა, დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს მთლიანად ენერგოსექტორისთვის.

კერძოდ, უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ სექტორში არსებულ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფლად წვდომასთან. თუმცა, სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

ჩვენი არაერთი საჯარო მიმართვის მიუხედავად, თითქმის ექვსი თვეა უშედეგოდ ვცდილობთ ესკოს მხრიდან მივიღოთ ინფორმაცია 2016-2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) შესახებ და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ გასაჯაროვდა კერძო, იმპორტიორი კომპანიის მხრიდან. ესკო განსაკუთრებით აქტიურად მალავს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.

 

დღემდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია ვერც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“, ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის შესასწავლად სსე-ში პროკურატურაა შესული და საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს.

საკმაოდ დიდი პრობლემები არსებობს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გარშემო, რაზეც ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა და რეფორმა, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დგას დროში უსასრულოს გადავადების საფრთხის წინაშე.

ქალბატონო ნათია, გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოგიწოდებთ ყურადღება გაამახვილოთ ენერგეტიკაში არსებულ უმწვავეს პრობლემებზე, უზრუნველყოთ სექტორში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. ვინაიდან, მსგავსი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ სახელმწიფო კომპანიები, სამწუხაროდ, აუცილებლად დამაზიანებელი აღმოჩნდება.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთმნიშვნელოვნად ვემხრობით საქართველოში ენერგეტიკიკის სექტორი განვითარების შეუქცევადობას.

სწორედ ამიტომ, განწყობილი ვართ ჯანსაღი პარტნიორობისთვის სექტორთან, თუმცა საპასუხო ადეკვატურ განწყობას ვერ ვხედავთ.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, გვინდა მკაფიოდ განვმარტოთ, რომ ჩვენი მოწოდებები აღქმული უნდა იყოს, როგორც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში მოკავშირის მოწოდებებად და არა, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე ორგანიზაციის განცხადებებად.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, ენერგეტიკის სექტორში დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Businesspartner