ენერგეტიკა
26/08/2020

გარდაბანში კიდევ ერთი თბოსადგური აშენდება - GOGC-მა საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა გამოაცხადა

ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი თბოსადგურის ასაშენებლად ემზადება.

კორპორაციამ რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.

ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც უფრო საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას: მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.

Businesspartner