ენერგეტიკა
31/03/2021

გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება - GOGC-ში რეორგანიზაცია იწყება

ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ახალი ოპერატორი 1 მაისამდე დაფუძნდება - „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” (GOGC ) რეორგანიზაცია იწყება.

რეფორმის ფარგლებში GOGC -ის აქტივები უნდა გაიყოს, კერძოდ, ბუნებრივი გაზის გადამცემ საქმიანობას ახალი კომპანია განახორციელებს. ამ კომპანიის დაფუძნება „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სწორედ, 2021 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს. მაისის ბოლომდე ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შევა ბუნებრივი გაზის გადაცემის საქმიანობისთვის გამოსაყენებელი აქტივები.

გეგმის მიხედვით, 10 ივნისამდე უნდა გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება „გადამცემი ქსელის მესაკუთრესა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის. ეს ხელშეკრულება 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რეფორმის შედეგად, უნდა მოხდეს გადაცემის საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე მოხდება ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია” საქართველოს ენერგობაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.  კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.

კორპორაცია ასევე ახორციელებს ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტებას და მშენებლობას, ქმნის სათანადო ინფრასტრუქტურას, ავითარებს მას და უწევს ოპერირებას.

 

Businesspartner