ენერგეტიკა
09/06/2021

გიორგი კაპანაძე: ამ მენეჯმენტით ენერგეტიკული ბირჟა ვერასდროს ამოქმედდება

„სამწუხაროდ, ბატონი დავით თვალაბეიშვილის მოხსენებიდან, „ენერგეტიკულ ბირჟასთან“ და ზოგადად, ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ახალი და დამაიმედებელი ვერაფერი მოვისმინეთ. ჩვენთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ ვისი პასუხიმგებლობაა ის, რომ რეფორმა შეფერხდა, შეიძლება ითქვას, ჩავარდა კიდეც და ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების ახალ ვადასაც კი დამაჯერებლად ვერავინ ამბობს“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბაზრის მიმდინარე რეფორმის შესახებ საპარლამენტო მოსმენა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში სწორედ მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, ნაცვლად დათქმული 1 ივლისისა, 6 თვით, 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

აფბას ხელმძღვანელმა პროცესის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მას კვლავ ნეგატიური მოლოდინები აქვს ახალი ვადის მიმართაც.

„ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის. ადგილობრივი ჰესებისთვის, განსაკუთრებით მცირე ჰესებისთვის, შეუძლებელია პროგნოზირება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მზომები, აღრიცხვის სისტემები. პრობლემაა ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაშიც. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოათამაშეების ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში.

სამწუხაროდ, გვაქვს ნეგატიური მოლოდინი, რომ ამ და კიდევ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება დათქმულ მომდევნო 6 თვეშიც ვერ მოხერხდება და კიდევ ერთხელ დავდგებით გადავადების მორიგი აუცილებლობის წინაშე, რაც უკვე მართლაც იქნება რეფორმის მასშტაბური ჩავარდნა“, – განმარტა კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება, დეპუტატბისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლისას, არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა თვალაბეიშვილმა გამორიცხა. „ბატონმა დავითმა  განაცხადა, რომ ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როცა ევროპელ კოლეგებთან ერთად დაინახავენ, რომ დამატებითი ტესტირებების შედეგად, მეტ-ნაკლებად მაინც, იქნება კარგი შანსი, რომ გახსნის შემდეგ ბირჟა იფუნქციონირებს და იმუშავებს გამართულად. იქვე განმარტა, რომ 1 იანვრამდე პერიოდი, მართალია, აღებულია, მაგრამ ან იქნება, ან არა… შეიძლება სექტემბერშიც იყოს ეს, შეიძლება 1 იანვრამდეც, შეიძლება მოგვიანებითაც იყოს. ზუსტად ასე განაცხადა – თქვა, რომ ვნახავთ, შევხედავთ და ვნახავთ… აქ კომენტარი, ვფიქრობ ზედმეტია. დარგის კურატორი ხელმძღვანელისგან, არ ვიცი რა ეპითეტი უფრო შეეფერება – ცინიკური, თუ აგდებული, თუ ზერელე, თუ ინდიფერენტული მიდგომა, ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში ენერგეტიკის სწორად განვითარების პრობლემა აფიქრებს“, – განაცხადა აფბას ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, აფბას მონიტორინგის შედეგად, სამწუხაროდ, ცალსახად გამოიკვეთა, რომ დღემდე ბირჟის მონაწილეებისა და პოტენციური დილერების წინაშე უამრავი გამოწვევა, პრობლემა და პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი, რომლებზე რელევანტურ რეაგირებასაც დათქმული ახალი ვადა – კიდევ 6 თვე, უბრალოდ ფიზიკურად არ ეყოფა.

კაპანაძეს მიაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უნდა აიღოს  „ენერგეტიკული ბირჟის“ მენეჯმენტმა. „ვფიქრობ, მათ გაცილებით უკეთ უნდა განესაზღვრათ ბაზრის რეალური შესაძლებლობები, უნდა გაეთვალათ ბაზრის პოტენციური მონაწილეების რეალური შესაძლებლობები და ამის კვალობაზე უნდა ეკეთებინათ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების შესახებ ანონსები  და ფაქტის წინაშე დაყენებით არც საკუთრივ ბაზარი და მისი მონაწილეები და არც საქართველოს მთავრობა გაურკვეველ და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეყენებინათ.

საპარლამენტო მოსმენაზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბირჟის ამოქმედებით მისი მენეჯმენტი დაინტერებული არ არის და თუ ის დაუყოვნებლივ არ შეიცვალა, ენერგეტიკული ბირჟა ვერასდროს ამოქმედდება. როგორც ჩანს, არსებობს ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სისტემის გაუმჭვირვალობითა და ფასების დამალვით. ეს ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბირჟა ჩავარდეს. სამწუხაროა, რომ ყველა ქმედება ამაზე მიგვითითებს“, – მიაჩნია გიორგი კაპანაძეს.

აფბას ხელმძღვანელს ასევე მიაჩნია, რომ თუნდაც ახლა, დამდგარ ახალ რეალობაში, საიმისოდ, რომ ვითარება როგორმე შედეგზე გავიდეს, კარგი იქნება, თუ პრაქტიკაში ისე ჩამოყალიბდება, რომ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებამდე, თუნდაც ყოველთვიურ რეჟიმში, ბირჟის მენეჯმენტი ინებებს და საზოგადოებას საჯაროდ წარმოუდგენს, თუნდაც თვიურ ჭრილში, ანგარიშს განხორციელებული სამუშაოების შესახებ. „ასე გაცილებით გამჭვირვალე გახდება პროცესი, ვითარების რეალურად შეფასებაც გაიოლდება და დავინახავთ, რომ ბირჟა და მისი დამფუძნებელი სახემწიფო კომპანიები (სსე და ესკო) რეალურად გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე“, – აცხადებს კაპანაძე.