ენერგეტიკა
19/04/2022

Greda: საქართველოს ჰიდროენერგიას 50 მლრდ. კვტ.სთ-ის ათვისების პოტენციალი აქვს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანას მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით 50 მილიარდი კილოვატ საათის ათვისების პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს მის მხოლოდ 20%-ს იყენებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, მატა გორდეზიანი განმარტავს, განახლებადი ენერგიების რესურსის სრულად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცევა. 

"საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს. მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით, რომელიც ასევე ნულოვან დაბინძურებას გულისხმობს, 50 მილიარდი კილოვატსაათის ათვისების პოტენცილი გვაქვს. ამჟამად კი ამ რესურსის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენების პირობებში მოგვეცემა საშუალება, რომ მზისა და ქარის ენერგიებიც ავითვისოთ, რომელსაც სჭირდება მარეგულირებელი სადგური, რომ სისტემაში იყოს ინტეგრირებული. მთელი ამ რესურსის ათვისებით ქვეყანას შეუძლია, რომ არა მხოლოდ დააკმაყოფილოს ადგილობრივი, მზარდი მოხმარება და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, არამედ შეუძლია, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანაც. მით უმეტეს, რომ მწვანე ენერგიებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება",- განაცხადა გორდეზიანმა. 

მისივე თქმით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე 90-იანი წლებიდან ექმნება. მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი განწყობებია.  

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წელია, ფაქტობრივად, ბნელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული განახლებადი ენერგიების ათვისებას საქართველოში პრობლემა ექმნება. საქართველოს თან სდევს ეს შავი პიარის ორკესტრირებული კამპანია, რამაც სამწუხაროდ, გამოიღო შედეგი და მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. თუმცა, იმ რისკების მოახლოვებასთან ერთად, რასაც რუსეთზე ენერგოდამოუკიდებლობა გულისხმობს, მოსახლეობა მეტწილად აანალიზებს განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობას. ძალიან დიდი რესურსი გვაქვს და ინვესტორების დაინტერესებაც ჯერჯერობით კვლავ არის. შესაბამისად, მთავარია აღარ შეიქმნას ისეთი პრობლემები, რაც აქამდე ვნახეთ",- აღნიშნა განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის პროექტების მენეჯერმა. 

Businesspartner