ენერგეტიკა
19/05/2021

GRPC: ენერგეტიკის რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა დარგის განვითარებას წაადგება 

საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე აცხადებს და განმარტავს, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბებას.

„ენერგეტიკული სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკული გარემო გახადოს უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ხელი შეუწყოს სექტორში საჭირო კაპიტალის მოზიდვას. ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, ბაზრის ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება და ქვეყანაში მოხდება ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებელია, რომ ფასწარმოქმნის მექანიზმი დაფუძნებული იყოს გამჭირვალე, სამართლიან და საბაზრო პრინციპებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ორგანიზებული ბაზრების სატესტო რეჟიმში ოპერირება კომპანიებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში შეისწავლონ თავიანთი შესაძლებლობები ახალი ბაზრის პირობებში და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე სწორედ განსაზღვრონ ოპერირებისთვის აუცილებელი რესურსები.

„ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ახალ გარემოსთან ადაპტირება მოხდეს სრულიად ჩამოყალიბებული და გააზრებული რეგულაციების პირობებში. ამდენად რეფორმის ეტაპობრივი დანერგვა მხოლოდ წაადგება დარგის განვითარებას,“ - ნათქვამია საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის განცხადებაში.

Businesspartner