ენერგეტიკა
13/02/2023

Helios Energy Georgia: CFD მექანიზმი მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის მისაღებია

Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლის განცხადებით, CFD მექანიზმის (ფასთაშორის სხვაობის დაბრუნება) ფარგლებში გამოცხადებული პირველი აუქციონი იქნება ინდიკატორი თუ როგორ განვითარდება პროცესები.
 
როგორც თორნიკე დარჯანიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, ახალი მექანიზმი მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის მისაღებია.
 
„ენერგეტიკის სექტორი თითქმის ხუთი წელი მხარდამჭერი მექანიზმის გარეშე იყო. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონი კი იქნება ინდიკატორი თუ როგორ განვითარდება შემდეგი აუქციონები. მზის ენერგეტიკაზე თუ ვისაუბრებთ, ჯამში მომავალი 3 წლის განმავლობაში, 250 მეგავატი სიმძლავრე უნდა გამოიტანოს სახელმწიფომ აუქციონზე.
 
პირველ ეტაპზე, როგორც იცით, 70 მეგავატი გამოიტანეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ის, თუ რა ტარიფში და რამდენად კონკურენტულ ფასად შეგვძლია ავაშენოთ CFD მექანიზმის ფარგლებში ელექტროსადგური. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს როგორი შედეგები დაიდება.
 
ზოგადად, დიდი სიმძლავრის სადგურების მშენებლობა გამოწვევაა. როგორც იცით, ჩვენ არ ვართ საინვესტიციო კომპანია. ასე რომ, რა ტარიფში აშენდება სადგური და როგორ ფასს დადებენ კომპანიები ეს უკვე ინვესტორების საქმეა. ჩვენ კი ჩავერთვებით მშენებლობის პროცესში. “- განმარტა თორნიკე დარჯანიამ.
 
მისივე თქმით, PPA მექანიზმი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში 2017 წლამდე მოქმედებდა, მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის საინტერესო არ იყო.
 
“PPA მზის ელექტროსადგურებისთვის არ იყო მისაღები, რადგან სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული შესყიდვა იყო 8 თვე და 4 თვე, როდესაც მზის ელექტროსადგურს აქვს მაქსიუმალური გამომუშავება, ღიად იყო დატოვებული. ამ კუთხით PPA მექანიზმის ფარგლებში, არცერთი მზის ელექტროსადგურის მემორანდუმი არ გაფორმებულა და არც აშენებულა.
 
CFD მექანიზმი კი არის გაცილებით საინტერესო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდება 12 თვის მანძილზე, 15 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ 5 წლის შემდეგ ამ სქემიდან გამოვიდეთ და ელექტროენერგია სხვაგან გავყიდოთ, თუმცა ეს გადაზღვევა რაც ჩადებულია მექანიზმში, ძალიან მიმზიდველია და პრინციპში, ეს არის სწორედ ის, რასაც ითხოვდა ჩვენი სექტორი.“- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
 
შეგახსენებთ, რომ CFD მექანიზმით, ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
 
• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
 
როგორც ცნობილია, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს.
 
ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელით (CFD) მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.
Businesspartner