ენერგეტიკა
08/07/2021

Helios Energy: მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაათმაგდა

Helios Energy მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე მოთხოვნა გაათმაგებულია, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი “ბიზნესპარტნიოთან“ საუბრობს.

თორნიკე დარჯანიას თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის მომატებამ მომხმარებლის მხრიდან პროდუქტზე ინტერესი გაზარდა.

„იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს იყო სერიოზული დანაკარგები, კომპანიას ზარალზე არ უმუშავია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. 2021 წელს საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს, უკვე დავამონტაჟეთ 1 მგვტ-ზე მეტი მზის ელექტროსადგური. ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე და კიდევ ასობით კილოვატის მზის პანელების დაყენებაა დაგეგმილი.

ამასთან, ჩვენი კომპანიამ გააჩერა შიდა განვადების პროგრამა, რადგან უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდა ბაზარზე. როგორიც არის, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა, „დანერგე მომავალი“, ასევე დაინტერესებულ პირებს ეხმარება TBC, “აწარმოე საქართველო”, რომელიც 11-12%–ს აფინანსებს და სხვადსხვა ორგანიზაცია,“ – ამბობს Helios Energy-ს დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ Helios Energy საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და საერთო ჯამში დაყენებული აქვს 2,5 მეგავატი მზის ელექტროსადგური. აქედან 1 მგვტ-ზე მეტი მხოლოდ 2021 წელს.

ასევე, კომპანია თავის პარტნიორ IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან ერთად, გერმანიაში საწყობს აგვისტოში გახსნის, რაც ზრდის შესაძლებლობებს, რომ Helios Energy–მ პროდუქტის მიწოდების და შესაბამისად, გაყიდვების მასშტაბი მთელ ევროპაში გაზარდოს. 

 

Businesspartner