ენერგეტიკა
21/04/2022

J.P Morgan: 2030 წლისთვის მსოფლიოს დამატებით $1.3 ტრილიონის ენერგეტიკული ინვესტიცია დასჭირდება

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის გათვლებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს ენერგეტიკის სექტორში დამატებით $1,3 ტრილიონის ინვესტიცია დასჭირდება. 

ეს თანხა ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველა სახის (განახლებადი ენერგიები, ნავთობი, გაზი) ენერგიის გამომუშავებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს. J.P. Morgan-ის წლიურ ენერგეტიკულ მიმოხილვას Reuters აქვეყნებს. 

"მიმდინარე ტენდენციებზე დაყრდნობით, ჩვენი მთავარი დასკვნაა, რომ 2030 წლისთვის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გადააჭარბებს მიწოდების ზრდას დაახლოებით 20%-ით. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იქნება  განვითარებადი ეკონომიკების ქცევით და მათი მცდელობებით, რომ თავიანთი მოქალაქეები გამოიყვანონ სიღარიბიდან“, - ციტირებს საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსების მარკო კოლანოვიჩისა და კრისტიან მალეკის სიტყვებს Reuters.

J.P. Morgan-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის მხოლოდ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება დაახლოებით 10%-ით, ხოლო გაზზე დაახლოებით 18%-ით. შესაბამისად, განსახორციელებელმა ინვესტიციამ ყველა მიმართულება უნდა მოიცვას, მათ შორის, ნავთობი, გაზი, ბირთვული და განახლებადი ენერგიები. 

"მზის პანელები ვერ შეცვლიან ზეთს, რომელიც საჭიროა, მაგალითად, ნავთობქიმიკატების ინდუსტრიულ წარმოებაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში. 

ამასთან, J.P. Morgan ვარაუდობს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით 2022 წელს გლობალური საბოლოო დანახარჯები მშპ-ს 9.5%-მდე გაიზრდება მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2015-2019 წლებში საშუალოდ მშპ-ს 8.4% იყო. 

 

Businesspartner