ენერგეტიკა
07/10/2020

ქარის ენერგიის პროგნოზირება დღით ადრე იქნება შესაძლებელი

პირველად საქართველოში, ქარის ენერგიის საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრა დღით ადრე იქნება შესაძლებელი იქნება.

სატესტო რეჟიმი წარმატებით დასრულდა და  ქარის ენერგიის პროგნოზირების ცენტრალური სისტემა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში უკვე ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას მომზადებული შეხვდება.

ბირჟაზე ელექტროენერგიის საათობრივი ყიდვა-გაყიდვა ფიზიკური მიწოდების წინა დღეს განხორციელდება. ამის გათვალისწინებით, ქარის ენერგიის პროგნოზირების სისტემის კიდევ უფრო დიდი მნიშვნველობა აქვს, რადგანაც ელექტროსადგურები ე.წ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიის გაყიდვას სწორი პროგნოზით შეძლებენ.

ბაზრის მონაწილეები ელიან, რომ სისტემა ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ევროინტეგრაციას.

ქარის ენერგიის საპროგნოზო სისტემა საქართველოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გადასცა. USAID-ის ენერგეტიკის პროგრამა 3-წლიანია და მისი საინვესტიციო ღირებულება 7.5 მლნ. აშშ დოლარია.  USAID-ის პროექტები საქართველოს ენერგეტიკაში ამით არ სრულდება. პროექტების მიზანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაა.

"ჩვენ ახლა ვიწყებთ მუშაობას კიდევ ერთ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება ენერგიის წყაროებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიების ჩათვლით, როგორიცაა ქარი, მზე,  თერმული ენერგია. ასევე  ვიმუშავებთ ალტერნატიული სექტორის განვითარებაზე. გვაქვს დიდი გეგმები, რომ დავეხმაროთ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას და ქვეყნის ენერგოსექტორს, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამასთან , წარმატებით  განახორციელოს  ბაზრის დივერსიფიკაცია.  საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ენერგეტიკა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე სექტორი იყოს,“  - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი  ქარის ელექტროსადგურია. თბილისიდან 90 კმ-ის დაშორებით, ქარის 6 ტურბინა ენერგიას რამდენიმე წელია სტაბილურად აწარმოებს. საშუალო ოჯახის  წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით,  ელექრტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიით 25 000-მდე ოჯახის დაკმაყოფილებაა შეიძლება. 

ქართლის ქარის დადგმული სიმძლავრე 21 მეგავატია, ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავება წლიურ ჭრილში  85  მლნ. კვტ/სთ-ია. 

2020 წლის 8 თვის მონაცემებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 62 მლნ. კვტ/სთ-ს მიაღწია. ეს კი  5.0 მლნ  კვტ/სთ-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.     

აღსანიშნავია, რომ  2020 წელი საქართველოს ენერგოსექტორში  გარდამავალია.  მომავალი წლიდან ბაზრის მოწყობა რადიკალურად იცვლება,  რაც იმას ნიშნავს, რომ  ელექტროენერგიის  ფასი ენერგეტიკულ  ბირჟაზე განხორციელებული ვაჭრობით განისაზღვრება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონკურენციის პირობებში, შესაძლოა  ელექტროენერგიის  ტარიფს შემცირების ტრენდი ჰქონდეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები