ენერგეტიკა
10/09/2020

მინისტრი: ქვეყანაში 2000 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების გახსნას ვგეგმავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქვეყანაში ელექტროენერგიის სექტორში მიღწეულ წარმატებებზე აცხადებს.

ნათია თურნავამ „ენერგეტიკოსის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბოლო 7 წელში ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე - ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები.

"ეს არის გარღვევა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.

„გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები, მაგალითად, ახლახან დაწყებული „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, ასევე მიკროჰიდროსადგურები, როგორიც ავამოქმედეთ, მაგალითად, შატილში, რომ მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ასევე გაზით და სხვა სიკეთეებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობაზე. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია გაზიფიკაციისა და ელექტრიფიკაციის ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბური გაზიფიცირების ფარგლებში დღემდე უკვე 1000 ისეთი დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული, სადაც, ისტორიულად, გაზი არასოდეს ყოფილა, 2021 წელს, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ამ სიას კიდევ 400 დასახლებული პუნქტი შეემატება და მთლიანობაში, საქართველო გაზიფიცირების დონით 90 პროცენტს დაფარავს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მთა-გორიანი ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები