ენერგეტიკა
05/06/2022

მურმან მარგველაშვილი ჰესებზე: არასწორია, როცა მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეებს ვუყურებთ

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ენერგოდამოკიდებულება რომ შეამციროს, მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა.

"გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ ჩვენს ქვეყანას, განვითარება და თვითკმარობა სჭირდება, რადგან არ ვიყოთ უმწეოდ დამოკიდებული ვინმეზე, მეზობელზე, მტერი იქნება, თუ მოყვარე. სრული დამოუკიდებლობა ვერ გვექნება, მაგრამ რისკები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ", - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობის დროს მხოლოდ გარემოსდაცვით ფაქტორებზე არ უნდა გამახვილდეს ყურადღება.

"არასწორია, როდესაც მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეს ვუყურებთ. ეს საკითხი სხვა დანარჩენ სარგებელს უნდა შევადაროთ. ჩვენთან სამწუხაროდ ეს ბალანსი დარღვეულია. რაც ღმერთმა მოგვცა, უნდა გამოვიყენოთ - რა თქმა უნდა გონივრულად, დაბალანსებულად. უნდა ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე. ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს. ჩვენი მოხმარება 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის. რატომ უნდა იყოს ასე?! ე.ი. რაღაცას ვიკლებთ", - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან და სარგებელთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.

"ჩვენი საზოგადოება თუ ნაკლებად იქნება ორიენტირებული გადაბრალებაზე და ეცდება, ყველაფერში გაერკვეს, მით უფრო წინ წავალთ და ბედნიერი ქვეყანა ვიქნებით.

ჩვენ ახლა ვაკეთებთ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტს და ძალიან გვინდა, ეს ფართო განხილვის საგანი გახდეს, რადგან იქ ჩვენ მთავარი ხედვები ჩავდეთ -  რა სჭირდება ქვეყანას, რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს და მერე აქედან გამომდინარე, როგორ ავაწყოთ ჩვენი გეგმები. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოებასთან ფართოდ საუბარს მოვახერხებთ ამ თემებზე, რათა დავინახოთ, რა არის ჩვენი ქვეყანა, საით მიდის და რა სჭირდება განვითარებისთვის", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

მისი თქმით, დღეს ბევრად ნაკლები რესურსია ათვისებული, ვიდრე ამის საშუალებაა.

"საუბრობენ, რომ დაახლოებით 20-25% არის ათვისებული, მაგრამ ამ რიცხვს ბევრი განმარტება უნდა მოჰყვეს. ყოველშემთხვევაში, დღეს ბევრად ნაკლებია ათვისებული, ვიდრე ამის საშუალება არის", - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

Businesspartner