ენერგეტიკა
09/03/2021

ნათია თურნავა: ენერგეტიკული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, მსოფლიო ბანკი ნამახვანი ჰესის პროექტს დადებითად აფასებს. მეტიც, თურნავა ამბობს, რომ შეფასების მიხედვით, პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ეს განცხადება ნათია თურნავამ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, არსებობს თუ არა ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების გეგმა. მინისტრის განმარტებით, ასეთი გეგმა არსებობს, თუმცა მას ვადა მომავალ წელს ეწურება და უწყება ახალი დოკუმენტის შემუშავებაზე უკვე მუშაობს.

„2007 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტი. ენერგეტიკის განვითარების 15 წლიანი გეგმა. საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება, რომელიც ყველა მხარეს ითვალისწინებს. როგორც ენერგეტიკის განვითარებას, ასევე გარემოზე ზემოქმედებას. მათ შორის, იქ მითითებულია, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისთვის საუკეთესო პროექტად ითვლება. ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. 2007 წელს გაკეთდა ეს გეგმა. ყოველწლიურად ხდება მისი განახლება. 15 წელი იწურება გაისად, მაგრამ 2019 წლიდან დავიწყეთ მუშაობა შემდგომი პერიოდის, 2030 წლამდე სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. ძალიან მოცულობითი დოკუმენტია, რომელიც ორივე მხარეს ითვალისწინებს, ენერგეტიკასა და გარემოს დაცვას“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს უსმენენ. სხდომას ესწრებიან ადგილობრივებიც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები