ენერგეტიკა
16/12/2021

ნათია თურნავა: იმედი მაქვს, ნამახვანჰესი სახელმწიფოს დიდი ჩართულობით აშენდება 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ENKA-სთან საარბიტრაჟო პროცესი დაწყებული არ არის. ამ ეტაპზე ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. 

თუ ENKA პროექტში არ დარჩება, მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ნამახვანჰესი სახელმწიფოს და სხვა ინვესტორის ჩართულობით აშენდება.  

"ჯერჯერობით ENKA -სთან მოლაპარაკების პროცესში ვართ, თუ ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდებით პირობებზე, რითაც მათი დაბრუნება შეიძლება, პროექტიდან მათი გასვლა იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყო ისეთი პირობები, რომელიც საქართველოს ამ პროექტს საბოლოოდ დაუკარგავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ.  

თუ ENKA პროექტში არ დარჩება, მომავალში შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს. ურიგო არ იქნება, ლიდერშიფი სახელმწიფოს ჰქონდეს. შეიძლება სახელმწიფო სრულად არ იყოს და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი. რაც მთავარია ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ, დაგვანახა ამ შემთხვევამ, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით",- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  

მისი თქმით, პროექტის განხორციელება საკმაოდ სწრაფად დაიწყო, ინვესტორსა და მოსახლეობას შორის თავიდან კარგი კომუნიკაცია შედგა, რომელიც შემდეგ შენელდა. 

"ვფიქრობ, კომუნიკაციის ნაკლებლობა იყო არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარემოს დამცველებთან. ამან დაბადა ბევრი პრობლემა. მათ შორის იყო ბევრი მითი, რომელიც ვრცელდებოდა ამ პროექტის ირგვლივ, იყო გულწრფელი პროტესტი. არ გამოვრიცხავ, რომ იყო მოტივირებული ჯგუფებიც, თუმცა ეს ცალკეული ეპიზოდები იყო. ძირითადად ალბათ გულწრფელი კითხვები და წუხილი იყო. საბოლოო ჯამში გვაქვს ეს სურათი.

სამწუხაროდ ინვესტორმაც ვერ გამოიჩინა სათანადო მოთმინება და მოქნილობა, არადა ასეთი პროექტები ძალიან ხშირად მთელ მსოფლიოში ასოცირდება მოსახლეობის პროტესტთან, გარემოს დამცველების მხრიდან სხვადასხვა კითხვებთან, პრობლემებთან. ინვესტორი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამაში უფრო ღმად შევიდეს. მართალია თავიდან მივაღწიეთ იმას, რომ კაშხლის მშენებლობა გადადებულიყო, გარკვეული დამატებითი კვლევების განხორციელებაზე იყო თანხმობა, მაგრამ ბოლომდე ეს პროცესი ვერ მივიდა. საბოლოო ჯამში ინვესტორმა გააკეთა განცხადება, რომ პროექტიდან სურს გასვლა",- განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა. განცხადების მიხედვით, ინვესტორი $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

Businesspartner