ენერგეტიკა
11/02/2022

ნინა სამადაშვილი კონკურსის "ჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის" გამარჯვებულია

"ჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის" კონკურსში, რომლის მიზანიც ოკუპირებული რეგიონების ჭრილში, ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზია, energynews.ge-ს ჟურნალისტმა ნინა სამადაშვილმა გაიმარჯვა. 

ნინა სამადაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მისი სტატია ეხებოდა ენერგეტიკული ობიექტების როლს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში.

"ჩემი ნაშრომი „ენგურჰესისა“ და აფხაზეთის ჭრილში იყო, რომელზეც ბევრი სტატია იწერება, პრობლემებზე და სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, სადაც რისკები და პრობლემებია, იქ არის შესაძლებლობებიც და გადავწყვიტე ჩემი სტატია სწორედ ამ შესაძლებლობებზე ამეგო, ამასთან არსებული კონფლიქტის შერბილებაში გარკვეული პოზიტიური წვლილი შემეტანა. როგორც ჩანს, ეს ჟიურისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, შევეხეთ პრობლემებსაც, თუმცა მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულოი ობიექტების როლი ეკონომიკაში, პოლიტიკაში და კონფლიქტების მოგვარებაშიც კი,“ – აღნიშნავს ნინა სამადაშვილი.

კონკურსს სულ 9 გამარჯვებული ჰყავს, 3 საქართველოდან, 3 მოლდოვადან და 3 უკრაინიდან. თითოეულს 1000–1000 ევრო გადაეცათ.

ინფორმაციისთვის, ანალიტიკურმა ცენტრმა "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) ენერგეტიკის საკითხების გაშუქებით დაინტერესებული საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. კონკურსის თემატიკა გულისმოხბდა ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს ოკუპირებული რეგიონების ჭრილში. 

კონკურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“  (BTS ) ფარგლებში.  

 

 

Businesspartner