ენერგეტიკა
27/10/2020

პერსპექტიული რესურსები - ნავთობისა და გაზის გაუხსნელი მარაგები

საქართველოს აქვს პოტენციალი საშუალოდ, 1 მლრდ ტონაზე მეტი ნავთობი და 230 მლრდ კუბ.მეტრი გაზი აწარმოოს, - ეს არის ის სავარაუდო მაჩვენებელები, რომელიც ე.წ პერსპექტიული სტრუქტურებზე  ჭაბურღილების გახსნის შედეგად შეიძლება მივიღოთ.

„ეს არის ე.წ „პერსპექტიული რესურსები“, ის რაოდენობა, რომლებიც ითვლება ისეთ ფართობზე, სადაც ჯერ-ჯერობით ბურღვითი სამუშაოები არ გვაქვს წარმოებული. ეს არის ყველაზე უფრო ნაკლებად დასაბუთებული რაოდენობა, რომელიც ბურღვის შედეგად შესაძლოა დადასტურდეს, შესაძლოა არც დადასტურდეს. ჩვენს დარგში როდესაც ახალ ფართობზე ვიწყებთ პირველი ჭაბურღილის ბურღვას, ალბათობა, რომ იქ საბადოს აღმოჩენის საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება იყოს 20-35%-მდე. ანუ 2/3 ალბათობა არის იმისა, რომ საბადო იქ არ აღმოჩნდება“, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ექსპერტი ნავთობისა და გაზის სექტორში სოსო ღუდუშაური.

მისი თქმით, გამოვლენიალია 50-მდე საბადო, სადაც არის ნავთობისა და გაზის არსებობის პერსპექტივა. ამ 50-დან 10 შავ ზღვის შელფზე არსებული სტრუქტურებია, სადაც სავარაუდოდ არის ნავთობისა და გაზის მარაგები. მათი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთის წყლებშია, ნაწილი საქართველოს კონტოლირებად წყლებში. აქ სამუშაობი ჯერ კიდევ 2000 წლებში ცნობილმა კომპანია „ანადარკომ“ ჩაატარა და 2 სტრუქტურა შეისწავლა. კომპანიის გათვლებით შელფზე არსებობს რესურსი საშუალოდ 100 მლნ და მაქსიმუმ 2.8 მილიარდი ტონა ნავთობის ამოღება მოხდეს. 

შავ ზღვაზე საქართველოს წყლებში საძიებო სამუშაებს მალე ავტორიტეტული ავსტრიული კომპანია OMV Petrom დაიწყებს. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები უკვე მიმდინარეობს, კიდევ ერთ ბლოკზე კი, ამჟამად ტენდერია გამოცხადებული, სადაც წინადადებების წარდგენის ვადა 2020 წლის 20 დეკემბერს სრულდება.

რაც შეეხება სხვა საბადოებს, საქართველოში დღემდე აღმოჩენილია 16 საბადო და ამ საბადოებიდან ჯამურად მოპოვებულია 27 მლნ ტონა ნავთობი და 3 მილიარდ კუბ.მეტრზე მეტი გაზი. ეს საბადოები აღმოჩენილია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და ახლა ამ საბადოებიდან მოსაპოვებელი დარჩა დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობი და 4-5 მლრდ კუბ.მეტრი გაზი.

ასევე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 5 საბადო, თუმცა მათი კომერციულობა ჯერ დადგენილი არ არის.

ამ საბადოებიდან საშუალოდ 60 მლნ ტონა ნავთობის და 7 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მიღება იქნება შესაძლებელი.

„დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ახალი საბადოების აღმოჩენა. ძველი საბადოები ნელ-ნელა იფიტება და მოპოვება ვარდება. ამიტომ იმასთან შედარებით რასაც მოვიპოვებდით მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს (წლიურად 3.3 მლნ ტონა ნავთობი, გაზს 300 მლნ კუბ. მეტრი) იმასთან შედარებით მოპოვება არის ძალიან შემცირებული. ამიტომ ეს დარგი კომერციული თვალსაზრისით ჩრდილში მოექცა, ეს იწვევს იმას, რომ ხელისუფლებისთვისაც ეს დარგი არის ნაკლებად პრიორიტეტული. საბჭოთა პერიოდში ყველაფერი იყო ცენტრალიზებული, ნავთობისა და გაზის ძებნა ძიება მიმდინარეობდა სახელმწიფოს ფინანსებით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ მეორე უკიდურესობაში გადავედით. სახელმწიფო საერთოდ აღარ ხაჯავს ფულს და მთლიანად ვართ დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. ახლა ნავთობს მოვიპოვებთ 30 000 – 50 000 ტონის ფარგლებში 10-15 მლნ კუბ. მეტრს“ , - განმარტავს სოსო ღუდუშაური.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ საკმაოდ რისკიან სექტორში მომპოვებელ ქვეყნებს შორის მაღალი კონკურენციაა, შედეგის მიღებამდე საკმაოდ დიდი ინვესტიციებია საჭირო, პროცესი გრძელვადიანია, ამიტომ ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ. 

„ქვეყნებსა და რეგიონებს შორის არის კონკურენცია განსაკუთრებით მსხვილი კომპანიების მოზიდვის კუთხით, იმიტომ რომ მსხვილი კომპანიები ცდილობენ წავიდნენ იქ, სადაც იოლია საბადოს აღმოჩენა, ან აღმოჩენილ საბადოში შევიდნენ და დაიწყონ მოპოვება, ამიტომ საქართველო უნდა შეეცადოს უფრო მიმზიდველი კანონმდებლობით და ხელსაყრელი პირობების შექმნით მსხვილი ნავთობკომპანიების შემოიყვანოს ქვეყანაში. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კომპანიებმა დაინახონ ამ დარგით სახელმწიფოს განსაკუთრებული დაინტერესება. ახლა ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული უცხოური კომპანიების მიერ საკუთარი ფინანსების დახარჯვაზე, 30 წლის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ 100%-ით მათი დაფინანსების შედეგად ვერ ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც გვინდა. ხან ფინანსური ხელმოკლეობა აქვთ ამ კომპანიებს, ხან გამოცდილების ნაკლებობაა. არ ვამბობ, რომ ეს სარისკო საქმე სრულად ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსდეს,  მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც პროპორციით შესვლა ამ სამუშაოებში ვფიქრობ, დიდი სტიმულს გაუჩენს მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, ამ ქვეყანაში  შემოვიდნენ და წინ წაწიონ ეს დარგი“, - აცხადებს სოსო ღუდუშაური.

 

 

Businesspartner