ენერგეტიკა
29/03/2021

პრემიერი ნამახვანჰესზე: პანდემიის პირობებში $840 მლნ-იან ინვესტიციას ვაფერხებთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

პრემიერი აქვე დასძენს, რომ კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რასაც ქვეყანაში წინააღმდეგობა ხვდება.

“ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ნამახვანჰესზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა 40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა. ის აჟიოტაჟი, ხმაური, რაც არის დაწყებული აბსოლუტურად გაუგებარია. რა თქმა უნდა გავმიჯნავ მოსახლეობას, რომლებიც ამ პროცესში გულწრფელად არიან ჩართულები, და მეორე მხარეა პოლიტიკურად ანგაჟირებული, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა.

დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. ყველაფრის იმპორტი მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელეტროენერგიის წილი, რადგან ყოველწლიურად იზრდება მოხმარება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შვუწყოთ, წავახალისოთ ჰესების, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობას ჰესების მნიშვნელობაზე მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ამისთვის მათთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

“ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას. უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ექსპერტების ჩართულობით და უცხოელი ექსპერტების მოწვევით. ასევე კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი. რიონის განვითარებისთვის ამ ეტაპზე შექმნილია 5 მილიონიანი ფონდი. 30 მილიონი კომპანიას უკვე გადახდილი აქვს კომპენსაციებში. ამასთან კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში. დღეს დამისახელეთ კომპანია, რომელიც პანდემიისას,  კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. მშენებლობაზე დასაქმდება 2000 ადამიანი, აშენდება 400-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰესი.  ჩვენ კი, ამას ვეწინააღმდეგებით და ვაფერხებთ სამუშაოებს.

საუბარი იყო ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარის გადაცემაზე, ეს არის მიღებული პრაქტიკა, ყველგან, მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ინვესტორებთან ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს.  

“შვეიცარიაა მაგალითის მომცემი ყველა მიმართულებით, სადაც დაახლოებით 600 დიდი და საშუალო ჰესია, აქედან 350 არის ისეთი ჰესი, რომელზეც კაშხლებია აგებული. შვეიცარიაში 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია. ენგურჰესის კაშხალი დაახლოებით 270 მეტრს შეადგენს, ნამახვანჰესის 100 მეტრს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, როდესაც ჰესების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ანონსდება, ეს რეალურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებული ტალღაა.

“ეს უნდა დასრულდეს. ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, თუმცა აქვს დიდი რესურსი, რისი ათვისებაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

“მოსახლების წუხილი მოვისმინე, რომ ჩვენ სეისმურად არამდგრად გარემოში ვართ, ძალიან ბევრია მიწისძვრები და ა.შ. იაპონიაში თუ არის 200-ზე, 300-ზე მეტი აქტიური ვულკანი, 3000 ჰესია აშენებული. ნორვეგია, რომელიც გამოირჩევა ჰიდრორესურსებით, 93% აქვს ათვისებული. ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ჰიდრორესურსის ათვისების, ვინაიდან ჩვენ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ყველა რესურსი მაქსიმალურად და გონივრულად  უნდა ავითვისოთ.

ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით, ამ პროექტებს განვახორციელებთ. სასურველია დიდი ჰესების მშენებლობის პროცესში სახელმწიფო ჩაერთოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner