ენერგეტიკა
28/05/2021

რატომ გაუძვირდა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი - "გალტ ენდ თაგარტის" განმარტება

I კვარტალში საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის კლების შემდეგ, აპრილში ელექტროენერგიის იმპორტის ფასი ისევ გაიზარდა.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით,  2021 წლის პირველ კვარტალში  აზერბაიჯანიდან 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის შეძენის საშუალო ფასი 4.4 ცენტი იყო. ენგურჰესის გაჩერების გამო, მკვეთრად დაბალი ტარიფით ხდებოდა რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რაც იმპორტის საშუალო ტარიფებზეც აისახა და სტატისტიკაში დამახინჯებული სურათი მოგვცა.

„მთავარი ფაქტორი რაც წევს დაბლა ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასს არის აფხაზეთისთვის რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგია. აპრილში კარგად გამოჩნდა, რომ 0,1 ცენტი იყო მისი ღირებულება 1 კვტ.სთ-ზე,რაც საგრძნობლად წევს დაბლა საშუალო შეწონილ ფასს“, - განმარტავს „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

ანალიტიკოსი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ მიზეზსაც განმარტავს, რატომ მოხდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის კლებაც და აქ მთავარი მიზეზი თურქული ბაზრის მხრიდან კონკურენციას უკავშირდება. თურქი იმპორტიორების ფასი  გასული წლის სექტემბრიდან 4.3-4.5 ცენტის დიაპაზონშია, ამან კი, აზერბაიჯანელ  მომწოდებლებს  ფასის დაწევა აიძულა, თუმცა აპრილიდან ისევ ძველ ნიშნულამდე დაბრუნდა და 5.2 ცენტამდე გაიზარდა.

„თუ აზერბაიჯანიდან 2020 წლის ოქტომბრამდე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 5.1-5.2 ცენტის დიაპაზონში იყო, ოქტომბრიდან 4.5- 4.6 ცენტამდე ჩამოვიდა. ეს დროებითი კლება შეიძლება მივაწეროთ როგორც ფასების კლებას მსოფლიო ბაზარზე, ასევე კონკურენციას თურქეთის მხრიდან. გასული წლის შემოდგომიდან ესკო აცხადებს აუქციონებს ელექტროენერგიის იმპორტზე თურქეთიდან და თურქეთიც გახდა ერთ-ერთი მომწოდებელი. თურქეთში ფასებია 4.3-4.6 ცენტის შუალედში. ჩემი აზრით, აზერბაიჯანმა  კონკურენცია გაუწია“, - მიიჩნევს მარიამ ჩახვაშვილი და აღნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტის დაწყება ბაზარზე კონკურენციის ზრდისთვის პოზიტიურია, თუმცა ამ ქვეყანასთან ელექტროენერგიით ვაჭრობაში გარკვეული შეზღუდვები აქვს ქვეყანას: - „აქ ტექნიკური შეზღუდვა გვაქვს, სინქრონულად ვერ ვვაჭრობთ და შეღუდვაა რაოდენობრივადაც, სისტემის უსაფრთხოების დაცულობიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ  2020 წლის განმავლობაში   იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი  ჯამში 4.3 ცენტიდან 5.2 ცენტის დიაპაზონში იყო.  მათ შორის გასულ წელს რუსეთიდან ელექტროენერიის საიმპორტო ფასი 4.5- 5.3 ცენტის ფარგლებში მერყეობდა.

 

Businesspartner