ენერგეტიკა
10/03/2023

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან $84.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო.

შედეგად, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, დადებითი სავაჭრო ბალანსი 43.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა რაოდენობრივად საქართველო კვლავ წმინდა იმპორტიორია - 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით.

მიმოხილვის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა თურქეთში ფასების უპრეცედენტო ზრდამ გამოიწვია. საქართველოდან 2022 წელს ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი წლიურად 153.7%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 436.5%-ით (5.4-ჯერ) გაიზარდა და 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის საშუალო ფასი 118.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 8.7 აშშ ცენტი შეადგინა.

„ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტი ძალიან უჩვეულოა საქართველოსთვის, რადგან ბოლო რამდენიმე წელია აგვისტოც კი გამოაკლდა საექსპორტო თვეების სიას გაზრდილი ადგილობრივი მოხმარების გამო.“-აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები