ენერგეტიკა
09/02/2021

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2-წლიან მინიმუმზეა

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2018 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა.

ოფიციალური სტატისტიკით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანზიტი მკვეთრად შემცირებულია, თუ 2010 წელს ნავთობსადენით 38.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, 2020 წელს ეს მაჩვენებლი 27.6 მლნ ტონამდე დაეცა. ბოლო 1 წელში კლება 3.6 მილიონი ტონაა.

ე.წ ბაქო - სუფსის მილსადენით გადაზიდული ნათობის მოცულობა კი, გაზრდილია - 4.2 მლნ ტონამდე. ამ მაჩვენებელით 2020 წელი 2015 წლის მონაცემს გაუტოლდა.

ჯამში, საქართველოში გამავალი 2 მილსადენით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 31.8 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი მოხდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში. ამ ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.

მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 ათასი ტონაა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები