ენერგეტიკა
09/12/2021

სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება

ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება, - ამის შესახებ განცხადებას სემეკი ავრცელებს.

სემეკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიაში ერთ-ერთი ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ  მცდელობას.

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფებზე. აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს, რაზეც სემეკმა განმარტება არაერთხელ გააკეთა. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება", - განმარტებულია განცხადებაში.   

Businesspartner