ენერგეტიკა
03/06/2022

სემეკი: საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ბუნებრივი გაზი ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ რჩება. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 

2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი
გაზის წილმა 38.5% შეადგინა.

"შესამჩნევია ბიოსაწვავისა და ნარჩენების წილის შემცირება, რისი ერთერთი მიზეზიც აქტიური გაზიფიცირება და მყარი საწვავის ბუნებრივი გაზით ჩანაცვლება შეიძლება იყოს", - აცხადებენ სემეკში. 

ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ისევ სოკართან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ.

"შესაბამისად, ბაზარი ორივე დონეზე კონცენტრირებულია, რის გამოც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს დერეგულირებული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ
გაზზე წვდომა კონკურენტულ ფასად", - ამბობენ სემეკში. 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საშუალოდ საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო
ბუნებრივი გაზის 91%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2021 წელს 11 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს. 

2021 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 504 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტული პუნქტით მეტია. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის ქვეყანაში შემოტანა განახორციელა ორმა მიმწოდებელმა. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით.

"ადგილობრივი მოპოვების შესყიდვა და საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში შემოტანა განახორციელა სამმა მიმწოდებელმა, რომელთაგან ერთერთი ასევე არის იმპორტიორი. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის განთავსება (იმპორტი და ადგილობრივი წარმოება) მოახდინა სულ ოთხმა მიმწოდებელმა (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის
ფილიალი საქართველოში“, შპს „ბაგო“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“). ვაჭრობის ამ დონეზე (ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე შემოტანა) მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 5015, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. ინდექსი მცირედით
გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით, რაც მეტწილად ასახავს ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების წილობრივ ცვლილებებს, ვიდრე კონკურენციის მხრივ ბაზარზე რაიმე სახის ცვლილებებს. მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან საკმარისად დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან ან/და ბაზარზე არ არიან სხვადასხვა წყაროს ათვისებით დაინტერესებული იმპორტიორები",- აცხადებენ სემეკში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები