ენერგეტიკა
03/06/2022

სემეკი: სოფლებში გასათბობად ისევ შეშას იყენებენ

საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება განსხვავებულია როგორც ქალაქისა და სოფლის, ასევე რეგიონების მიხედვით.

სემეკის ანგარიშის თანახმად, პატარა ქალაქებში, დაბებსა და განსაკუთრებით სოფლებში, ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარება ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დიდ ქალაქებში ანალოგიურ მაჩვენებელს, ვინაიდან ისევ აქტიურად გამოიყენება შეშა სათბობად. გამონაკლისს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები.

მცხეთა-მთიანეთში დიდი მოხმარება შეიძლება აიხსნას ამ რეგიონში ბუნებრივი გაზის საფასურის პირდაპირი სუბსიდირებით, განსაკუთრებით ცივი კლიმატითა და საწვავ შეშაზე ხელმისაწვდომობით, ხოლო აჭარის რეგიონის სოფლის ტიპის დასახლებებში მაღალი მოხმარების უმთავრესი მიზეზი განვითარებული ტურიზმის სექტორია.

ბუნებრივი გაზი მოსახლეობისა და საწარმოთა უმეტესობის მიერ გამოიყენება საკვების მოსამზადებლად, წყლისა და ოთახის გასათბობად. ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისა და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებისა და მოხმარების ზრდა მეტწილად შესამჩნევია ისეთი მომხმარებლების ჯგუფში, რომლებიც მხოლოდ საკვების მოსამზადებლად იყენებენ ბუნებრივ გაზს.

საბითუმო ბაზრის მოწყობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის ფასები საცალო ბაზარზეც მნიშვნელოვნად განსხვავდება სოციალური (მოსახლეობა და თბოსადგურები) და კომერციული მომხმარებლების მიხედვით.

 

Businesspartner