ენერგეტიკა
16/07/2020

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა.

წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ ოპერატორებზე, შესაბამისობას კი სემეკი გააკონტროლებს.

განცალკევების ვალდებულება ეკისრებათ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ენერგეტიკულ საქმიანობას. წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება. ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმოებმა განცალკევება უნდა განახორციელონ მიმდინარე წლის ბოლომდე.

წესები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოებზე (საწარმო, რომელიც ენერგეტიკული საქმიანობის გარდა ახორციელებს სხვა, არაენერგეტიკულ საქმიანობას)  ასევე,  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  შესაძლებელია განცალკევების ვალდებულება არ შეეხოს იმ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოს,  რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება.   

წესების მიხედვით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დადგინდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების სავალდებულო კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობა.

 

Businesspartner