ენერგეტიკა
27/01/2021

შეიცვლება თუ არა ენერგოტარიფები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ

ენერგეტიკული ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიაზე ფასების ძირითადი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გარკვეული კორექტირება იქნება, თუმცა როგორი, ამის წინასწარ პროგნოზირება ბირჟის დირექტორს უჭირს.

„ფასებში მთავარი კორექტივი რაც იქნება, ეს არის ის, რომ თუ დღეს ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, მომავალში ყოველ საათობრივი ფასი გვექნება. ეს კიდევ ერთი დამატებითი სიგნალია ორივე მხარისთვის, გენერაციის ობიექტისა და მომხმარებლისთვისაც. როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და სეზონური ფასის ჩამოყალიბება ხდება, ეს აძლევს საფასო სიგნალს გენერაციის ობიექტს. მან იცის, რომელ სეგმენტშია მაღალი ფასი და ყოველთვის ეცდება ისეთი გენერაციის ობიექტის აშენებას, რომელიც დაფარავს ამ ძვირიან სეგმენტს. მომხმარებლისთვისაც გარკვეული სტიმულია იმიტომ, რომ მან იცის, დროის რომელ მონაკვეთში უნდა სცადოს და შეამციროს მოხმარება, თუ მისი ტექნლოგიური ციკლი ამის შესაძლებლობას იძლევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ფასი შეიცვლება. თუმცა, როგორი იქნება ფასი ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია, ვინაიდან არ გვაქვს ამ ტიპის ვაჭრობის გამოცდილება. თუმცა, ვფიქრობ, არსებით ცვლილებებსაც არ უნდა ველოდოთ“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ.

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობას შეძლებენ როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებიც. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები