ენერგეტიკა
25/05/2021

შუახევი ჰესთან დაკავშირებით "აჭარისწყალი ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს 

შუახევი ჰესთან დაკავშირებით "აჭარისწყალი ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

"გავეცანით გასული დღეების მანძილზე შუახევი ჰესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მცდარ ფაქტებს და მოსაზრებებს ეფუძნება და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.  შუახევი ჰესის განვითარების პირველი დღიდან, ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, გამჭირვალეობის უზრუნველყოფა და მუდმივი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ ეს ხედვა ჰქონდა შუახევი ჰესის განვითრების პირველივე დღიდან და ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება.

187 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესი წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში, მუშაობს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე. ამ პერიოდის მანძილზე, ჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ  დაახლოებით შეადგინა 400 მილიონი კვტსთ, რაც სრულად შეესაბამება კომპანიის მიერ დაგეგმილი ელექტროენერგიის გამომუშავების გათვლებს სეზონურობის და კლიმატის გათვალისწინებით.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შუახევი ჰესის გვირაბი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას. 2017 წელს, გვირაბთან დაკავშირებული გამოწვევის შედეგად,  ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიას, თუმცა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მომხდარს გარემოზე და ადამიანების უსაფრთხოებაზე არანაირი სახის ზეგავლენა არ მოუხდენია.  პროექტის გუნდმა წარმატებით დაძლია გვირაბთან დაკავშირებული გამოწვევა, რის შემდგომაც შუახევი ჰესი ოპერირებაში შესვლის დღიდან ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე.

წლების მანძილზე შუახევი ჰესი წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს, რომელმაც ენერგეტიკის სექტორში განახორციელა 510 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ამავდროულად საფუძველი დაუდო არაერთი მაღალი სართაშორისო სტანდარტის დამკვიდრებას მიწის კომპენსაციის გაცემის, საარსებო წყაროების აღდგენის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით.   

  • პროექტის ფარგლებში დასაქმდა საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და მიგრაციის შეჩერებას მაღალმთიან აჭარაში.
  • შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპზე კომპანიამ პროფესიულად გაზარდა ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები, რომლებიც დღეს წარმატებით მართავენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. კომპანიის თანამშრომელთა 99%, როგორც ინვესტორებმა მშენებლობის დასაწყისში განაცხადეს, ქართველი თანამშრომლები არიან.
  • კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების ეტაპზე, მილიონობით ლარს იხდის ყოველწლიურად ქონების გადასახადის სახით საქართველოს ბიუჯეტში.
  • მშენებლობის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეგიონის გრძელვადიანი განვითრებისთვის გამოიყო 8 მილიონი ლარი და განხორციელდა ასობით საგანმანათლებლო და ინფრასრუქტურული პროექტი, დაფინანსდა ათობით მეწარმე ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით. კომპანიის პოლიტიკა უცვლელია და სოციალური პროექტები  ოპერირების ეტაპზეც გრძელდება.
  • შუახევი ჰესი ყოველწლიურად ამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში დაახლოებით 200 ათასი ტონით, რითაც ხელს უწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.
  • შუახევი ჰესი აძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მომავალშიც განახლებადი ენერგიის სხვა ეწყაროებთან ერთად, როგორიც არის მზე და ქარი, ხელს შეუწყობს სისტემის მდგრადობას.

შუახევი ჰესი წარმოადგენს ნორვეგიულ-ინდურ საინვესტიციო პროექტს, რომელიც ამავდროულად დაფინანსებულია წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. პროექტი განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და სოციალური ასპექტებით. შუახევი ჰესი დღეს, ენგურის შემდგომ, სიდიდით მეორე ჰესია საქართველოში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც იმპორტირებული ელექროენერგიის შემცირების, ასევე სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით", - ნათქვამია კომპანიის განხცადებაში. 

Businesspartner