ენერგეტიკა
22/01/2021

სიმულაციური ვაჭრობა და მზადება ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის

ენერგეტიკულ ბირჟაზე მეოთხე სატესტო ვაჭრობა დასრულებულია. სიმულაციური ვაჭრობის სცენარში მონაწილეობა დაახლოებით 40-მდე კომპანიამ მიიღო.

როგორც ენერგეტიკულ ბირჟაზე განმარტავენ, კერძო სექტორის მხრიდან პლატფორმით დაინტერესება მაღალია და კომპანიები, რომლებიც სატესტო რეჟიმის ფარგლებში ბირჟაზე ვაჭრობენ, ბაზრის დაახლოებით 90%-ს ფარავენ.

ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ეს 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. მანამდე კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა კარგად აითვისონ პლატფორმაზე მუშაობის ტექნიკა, იქნება ეს განცხადებების განთავსება თუ სხვა დეტალები. იმის გამო, რომ ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს მონაწილე კომპანიებს სიმულაციურ ვაჭრობაში უწევთ მუშაობა, შესაბამისად, ენერგოფასები არ არის რეალურთან მიახლოებული და მათ ვაჭრობა ენერგეტიკული ბირჟის სცენარით უწევთ ხელმძღვანელობა.

პარალელურ რეჟიმში ენერგეტიკული ბირჟის რეალურად ამოქმედებამდე მონაწილე კომპანიებს სერტიფიცირების გავლა მოუწევთ.

ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ინვესტორების დაინტერესების შესაძლებლობასაც ხედავს.

"ინვესტორისთვის ენერგეტიკული ბირჟა მიმზიდველია რამდენადაც ბირჟის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გარდა იმისა რომ ის სავაჭრო პროდუქტებს სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც ბირჟაზე ვაჭრობენ, როგორც წესი ბირჟა იძლევა სწორ საბაზრო სიგნალებს ყველა საწარმოსთვის. მათ ასევე მიეცმათ შესაძლებლობა პირდაპირ შევიდნენ ბირჟაზე და ივაჭრონ გარატირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამავდროულად ვაჭრობა მოხდება ბაზრის სხვა სეგმენტებზე - ეს არის ორმხრივი თუ საბალანსო ხელშეკრულებების ბაზარი. კომპანიები, რომელთაც მიენიჭებათ მსხვილი მომხმარებლის სტატუსი, მათ ასევე ექნებათ უფლება, არ აირჩიონ მიმწოდებელი და თავად შევიდნენ ბირჟაზე და თავად ივაჭრონ", - განაცხადა ირინა მილორავამ.

ირინა მილორავა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ ფასების მკვეთრ ცვლილებას არ ელის, თუმცა განმარტავს, რომ ფასების მცირედით დაკორექტირდეს.

"მთავარი კორექტივი რაც იქნება ფასში იქნება იმ თვალსაზრისით, რომ თუ ამ დროისთვის ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, ბირჟის ამოქმედების შემთხვევაში გვექნება ყოველდღიური ფასი, რაც არის კიდევ ერთი დამატებითი საინტერესო სიგნალი ორივე მხარისთვის - გენერაციის ობიექტისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და სეზონური ფასის ჩამოყალიბება ხდება, ეს გენერაციის ობიექტს სწორ საბაზისო სიგნალს აძლევს, მან იცის რომ სეგმენტშია მაღალი ფასი და ყოველთვის შეეცდება ისეთი გენერაციის ობიექტი ააშენოს, რომელიც დაფარავს ამ მაღალფასიან სეგმენტს. აღსანიშნავია, რომ ეს მომხმარებლისთვისაც გარკვეული სტიმულია ეს, რადგან მან იცის დროის რომელ მონაკვეთში უნდა ცადოს მოხმარების შემცირება," - განმარტავს ირინა მილორავა.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ ბირჟაზე ვაჭრობას შეძლებენ როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებიც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები