ენერგეტიკა
02/02/2023

TAP-ის გაფართოება იწყება, მხარეები სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზეც მსჯელობენ

ტრანსადრიატიკული მილსადენი TAP-ი გაზსადენის გაფართოებას იწყებს. გაფართოების პირველი ფაზის შედეგად, წლიური სიმძლავრე 1,2 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, TAP-ი მზად არის, სიმძლავრის გაზრდის პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლოს დაასრულოს. ამ დროისთვის მილსადენის წლიური სიმძლავრე 10 მილიარდი კუბური მეტრია. ხოლო 2027 წლისთვის დაგეგმილი სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე აიწევს.

TAP ტრანსანატოლიური მილსადენის TANAP-ის გაგრძელებაა. ამ მილსადენით გაზი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის გავლით (სამხერთის გაზის დერეფანი) ევროპის მიმართულებით გადაიზიდება.

მილსადენი 2020 წლის დეკემბერში ჩაირთო. 2021 წელს ევროპას TAP-ის საშუალებით 8.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, 2022 წელს - 11.4 მლრდ კუბური მეტრი. 2024 წელს კი, დაგეგმილია, დაახლოებით 13 მლრდ-ის გატარება. ამისთვის კი, მილსადენის გაფართოების სამუშაოების პირველი ფაზის დაწყება დადგა დღის წესრიგში.

საქართველოს შემოსავალი სამხრეთის გაზის დერეფანში (რომელიც TAP-ისა და TANAP-ის ნაწილია) გატარებული გაზის მოცულობების პროპორციულად გაიზრდება. ქვეყანა ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გატარების საფასურად მოცულობის 5%-ს იღებს. თუმცა, ამას ემატება თურქეთში გატარებული გაზის მოცულობა, რომელიც ამავე მილსადენით ყოველწლიურად გადაიზიდება და დაახლოებით 8,5 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზს შეადგენს. ასე, რომ თუკი სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენში 2024 წელს გაიარა ჯამში 21.5 მლრდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზმა (ეს არის ევროპისთვის მისაწოდებელი უკვე გაზრდილი მოცულობა 13 მლრდ და თურქეთის მოცულობა 8.5 ერთად), საქართველოსთვის განკუთვნილი ოპციური გაზის მოცულობა 1 მლრდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

მთლიანობაში, ტრანსადრიატიკული მილსადენის სიმძლავრის გაზრდა მაქსიმუმ 30 მლრდ კუბურ მეტრამდეა შესაძლებელი. პირველი ეტაპის გაფართოებისთვის კი, TAP-ის გარდა, დღის წესრიგში დგება სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების საკითხი.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, 3 თებერვალს, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ტარდება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პროექტში ჩართული ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები. მათ შორის ევროკომისიის ენერგეტიკის მინისტრი კადრი სიმსონი.

მხარეები სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე იმსჯელებენ, რათა მიღწეულ იქნას მიზანი, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გავიდეს დაგეგმილი 20 მლრდ კუბური მეტრი გაზი.

სავარაუდოდ, ასევე განხილული იქნება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის რუმინეთში და შემდეგ საქართველოში ვიზიტის დროს წამოჭრილი საკითხი, რაც შავი ზღვის LNG პროექტის წამოწყებას ეხება. საუბარი ასევე, შეეხება თურქმენული გაზის მიწოდების საკითხს სამხრეთის გაზის დერეფანში გასატარებლად.

Businesspartner