ენერგეტიკა
18/01/2022

თურნავა: "ენკას" მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, შეიძლება, დღეს სხვა სურათი გვქონოდა

ნამახვანი ჰესის ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, დღეს, შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტი იყო და რჩება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ სტატრგიულ პროექტად.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და საკუთარი განახლებადი რესურსით ქვეყნის უზრუნველყოფაზე, ნამახვანი დგას სტრატეგიული პროექტების რიგში სხვა რამდენიმე პროექტთან ერთად. თუმცა, მინდა განვაცალკეო ის საკითხი რაც ჩამოყალიბდა ინვესტორთან ურთიერთობაში და თავად პროექტის მნიშვნელობა. როგორც უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან, პროექტი უნდა განხორციელდეს, თუნდაც მთავრობის უფრო მეტი ჩართულობით, რაც უფრო მეტ გარანტიას მოგვცემს ყველას” - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება “ენკასთან” მთავრობის ურთიერთობას, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საარბიტრაჟო დავა ჯერჯერობით დაწყებული არ არის და არსებობს იმედი, რომ საქმე ისე არბიტრაჟამდე არც მივა.

“ეს არის ჩვენი სურვილი და ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება იმაზე, თუნდაც პროექტის დატოვების შემთხვევაში, რა პირობებით მოხდება ეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს დამაზიანებელი არ იყოს არც პროექტისთვის, არც ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ინვესტორმა გარკვეული ინვესტიციები გაწია. ვფიქრობ, თავის დროზე ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, უფრო მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან და არ დაეკარგა დრო, დღეს შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო. მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ აქედან გამოვიტანეთ ისაა, რომ სახელმწიფოს როლი ასეთ სტრატეგიულ პროექტებში უფრო გაიზარდოს” - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა $800 მლნ-იანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელებაზე თქვა უარი. ENKA Renewables-მა ასევე განაცხადა, რომ საქმე არბიტრაჯში გადაინაცვლებდა.

ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

მას შემდეგ, მთავრობამ არაერთგზის განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს და ის სახელმწიფოს დიდი ჩართულობით განხორციელდეს, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტყილება ამ განცხადებას ჯერ არ მოყოლია.

Businesspartner